ისლანდიაში 2024 წლიდან ვეშაპებზე ნადირობა შეწყდება. ამის მიზეზი პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებაა. ისლანდია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, სადაც წყლის ბინადარ ძუძუმწოვრებზე კომერციული მიზნით ნადირობა ისევ ნებადართულია. ეს პრაქტიკა არსებობს ნორვეგიასა და იაპონიაშიც.

ქვეყნის მემარცხენე მწვანეთა პარტიის წევრი, სვანდის სვავარსდოტირი აცხადებს, რომ ამ საქმიანობის მოტანილი ეკონომიკური სარგებელი მცირეა.

2019-2023 წლებში ისლანდიაში ნადირობის ყოველწლიურ კვოტად ფინვალების 209 ინდივიდი და მცირე ზოლიანი ვეშაპის 217 ინდივიდია განსაზღვრული. თუმცა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ნადირობის ლიცენზიის ორმა მთავარმა მფლობელმა საქმიანობა შეწყვიტა. დროის ამავე პერიოდში მხოლოდ ერთი ვეშაპი მოკლეს 2021 წელს.

ისლანდიური ვეშაპის ხორცზე მოთხოვნა განსაკუთრებულად მას შემდეგ შემცირდა, რაც 2019 წელს პროდუქტის მთავარი სამიზნე ბაზარი, იაპონია, წყლის ბინადარ ძუძუმწოვრებზე კომერციულ ნადირობას დაუბრუნდა.

ამასთან, რადგან თევზაობისთვის აკრძალული ზონა სანაპირო ზოლს დაშორდა, მონადირეებს ოკეანეში უფრო ღრმად შესვლა უხდებათ, შესაბამისად, საქმიანობის ხარჯები გაიზარდა.

გარდა ამისა, ადგილობრივ წარმოებულ პროდუქტთან შედარებით, იმპორტირებულ ხორცთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები უფრო გამკაცრდა, რამაც ისლანდიის საექსპორტო წარმოებას დაბრკოლება შეუქმნა.

2018 წელს, ისლანდიაში ნადირობის ბოლო სრულ სეზონზე, ჯამში 146 ფინვალი და 6 მცირე ზოლიანი ვეშაპი დახოცეს.

საერთაშორისო ვეშაპსარეწი კომისიის 1986 წლის მორატორიუმის საწინააღმდეგოდ, ისლანდიამ წყლის ბინადარ ძუძუმწოვრებზე კომერციული ნადირობა 2006 წლიდან განაახლა.