კომპანია Samsung-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მის ახალ სმარტფონებში გამოყენებული იქნება ძველი სათევზაო ბადეების გადამუშავების შედეგად მიღებული მატერია, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირვანდელი სახით ოკეანეებში დაგროვდებოდა.

ჯერჯერობით, უცნობია, კონკრეტულად რა მასალაზეა საუბარი და როგორ დაამზადებენ მისგან ტელეფონებისა თუ აქსესუარების დეტალებს ან ჩასადებ ყუთებს. ამ ყველაფერს 9 თებერვალს გავიგებთ, როცა კომპანია Galaxy S22 სერიის ფლაგმანებს წარადგენს. სწორედ ეს მოწყობილობები იქნება სადებიუტო ნაწარმი Samsung-ის გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ამიერიდან წყლის ბინადრებისთვის საშიში პლასტმასით უფრო მეტ პროდუქტს შექმნიან.

ფოტო: Samsung

ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სათევზაო ბადეებში მრავალი ცოცხალი ორგანიზმი იხლართება. ამგვარი ნარჩენი მათ საცხოვრებელ გარემოსაც ანადგურებს და მარჯნის რიფებს აზიანებს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი თევზსაჭერი აღჭურვილობა ოკეანეებში ყოველწლიურად დაგროვებული 12 მილიონი ტონა პლასტმასის დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს და ის ოკეანეებში მცხოვრები არსებებისთვის განსაკუთრებულად მომაკვდინებელია.

აღსანიშნავია, რომ Samsung ერთადერთი კომპანია არაა, რომელმაც ასეთი მატერიის გამოყენება გადაწყვიტა. Microsoft-მა გასულ წელს მაუსი გამოუშვა, რომლის გარსის 20 პროცენტი წყალში მოხვედრილ, გადამუშავებულ პლასტმასას შეიცავს. ეკო-მეგობრულია მისი შესაფუთი მასალაც.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.