ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინის საკითხზე პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იბარებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მინისტრთან ერთად უნდა განიხილონ ჩრდილოეთის, ბალტიის და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. მისივე თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს და გამოიყენოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ახალი შესაძლებლობა.

"უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. როგორც ეს მოხდა რეზოლუციის შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ახლაც სწორედ ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და სწორედ ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში უკრაინის რადას წევრებთან ერთად", — თქვა ბოკუჩავამ ბრიფინგზე.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.

ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.

გაიგე მეტი: