ემის მფლობელი სერიალის, Euphoria, მესამე სეზონი დამტკიცდა. HBO-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი პროექტი ერთგულ მაყურებელს წინა სეზონებივით შთამბეჭდავ გაგრძელებას ჰპირდება.

"სემმა, ზენდეიამ და სერიალში მონაწილე ყველა მსახიობმა პროექტი საოცარ სიმაღლეებზე აიყვანეს", — აცხადებს HBO-ის წარმომადგენელი, ფრანჩესკა ორსი, — "ჩვენთვის დიდი პატივი და სასიხარულო ამბავია, ნიჭიერი ადამიანების ამ გუნდთან ერთად მოგზაურობა მესამე სეზონზეც გავაგრძელოთ".

ამჟამად Euphoria-ის მეორე სეზონი მიმდინარეობს, სერიალის გარშემო ხმაური კი კვირიდან კვირამდე იმატებს. სეზონის პირველი სამი სერიის ნახვები პირველი სეზონის შესაბამის ეპიზოდებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია; პრემიერა 9 იანვარს შედგა, მას შემდეგ კი HBO-ის პლატფორმებზე სერიალი 14-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის აუდიოეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა იმუშავა.

Euphoria ამავე სახელწოდების მქონე ისრაელური მინისერიალის მიხედვით შექმნილი პროექტია. ამერიკული ვარიანტის შემქმნელი, სცენარისტი და პროდიუსერი სემ ლევინსონია. სერიალის აუდიტორიის დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ, რადგან ნაწარმოებში თანამედროვე მოზარდებისთვის აქტუალურ ბევრ საკითხს, მათ შორის, იდენტობის, ტრავმის, მეგობრობისა და სიყვარულის თემებს ეხებიან.

Euphoria-ის მეორე სეზონის ბოლო სერია 27 თებერვალს გამოვა.