ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი მალალა იუსუფზაი კანადის საპატიო მოქალაქე გახდა, სერტიფიკატი მას პირადად კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ გადასცა.

მალალა საქვეყნოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2009 წელს, 11 წლის ასაკში BBC-ის ბლოგერი გახდა, სადაც "თალიბანის" რეჟიმის პარალელურად საკუთარ ცხოვრებაზე და გოგონების განათლების უფლებებისთვის წერდა. 2009 წელს პაკისტანში თალიბებმა თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გოგოებს სკოლაში სიარული აუკრძალეს. 11 წლის მალალამ გადაწყვიტა, თავისი განათლების უფლება დაეცვა, თუმცა მის პროტესტს მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

2012 წელს "თალიბებმა" მისი მოკვლა სცადეს და გოგონა მძიმედ დაჭრეს.

მალალა ახლა დიდ ბრიტანეთში, მშობლებთან ერთად ცხოვრობს. იქიდანვე აგრძელებს თავის საქმიანობას და ამ სიმამაცისა და შემართებისთვის მიღებული აქვს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ანდრეი სახაროვისა და ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიები.

2015 წელს დიდ ეკრანებზე იუსუფზაის ისტორიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი, მან მე მალალა დამარქვა, გამოვიდა. ფილმში ის თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ პერიოდს იხსენებს. ფილმის რეჟისორს სურს, რომ 18 წლის პაკისტანელი გოგოს ოცნებები გაამხილოს, მალალა კი მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - „მინდა მსოფლიოს ყველა გოგო და ბიჭი სწავლობდეს; სკოლაში თანაკლასელების გვერდით, ჩემს მაგიდასთან ჯდომა და კითხვა ჩემი უფლებაა. ყოველი ადამიანის სახეზე ბედნიერი ღიმილის ხილვაა ჩემი ოცნება”, ამბობს მალალა.

„ავიღოთ ჩვენი წიგნები და კალმები, ისინი ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღებია. ექსტრემისტებს მუდამ ეშინოდათ და ეშინიათ წიგნების და კალმების. მათ ქალებისაც ეშინიათ."

"მე მინდა, რომ განათლება თალიბების, ტერორისტებისა და ექსტრემისტების შვილებმა მიიღონ. ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო. განათლება ერთადერთი გამოსავალია. განათლება უპირველესია", - ეს სიტყვები მალალა იუსუფზაის ეკუთვნის.