ნაციონალური მოძრაობის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. პროცესი დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე კირკიტაძისა და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 4 თებერვალს დაიწყო. როგორც პროკურატურა ამბობს, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს ვ.ბ რამდენიმე პირთან ერთად ენმ-ს საქმიანობას აპროტესტებდა, რა დროსაც, უწყების მტკიცებით, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მათზე იძალადეს.

კირკიტაძე პროკურატურის ამ განცხადებას გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის შემდეგ საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა და ეს განცხადებაც ამას უკავშირდება. მისი თქმით, ამ ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან გეგმების განხორციელებაში რუსთავსა და სხვა ქალაქებში.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართაც დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.