შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარში სოციალური დახმარება 648 176 ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 17,4%-ია. აღსანიშანავია, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა ყოველთვიურად მზარდია.

სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ბოლო ერთ წელში 22%-ით, ანუ 115 934 ადამიანით არის გაზრდილი. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, იანვარში დახმარება საქართველოში მცხოვრებმა 175 716-მა ოჯახმა მიიღო.

რეგიონების მიხედვით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • ქ. თბილისი — 132 218 ადამიანი;
  • იმერეთი — 84 156 ადამიანი;
  • ქვემო ქართლი — 78 703 ადამიანი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 76 356 ადამიანი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა — 71 213 ადამიანი;
  • კახეთი — 66 106 ადამიანი;
  • შიდა ქართლი — 58 638 ადამიანი;
  • გურია — 27 787 ადამიანი;
  • სამცხე-ჯავახეთი — 19 556 ადამიანი;
  • მცხეთა-მთიანეთი — 18 781 ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14 662 ადამიანი;

იანვარში სოციალური შემწეობის მიმღებთათვის 44 308 911 ლარი გადაირიცხა. გასული წლის იმავე თვეში ამ პროგრამის ბიუჯეტი 29 810 839 ლარი იყო — შესაბამისად, ბოლო ერთი წლის ჭრილში სოციალურად დაუცველებისთვის გადარიცხული თანხის მოცულობა 49%-ით, ანუ 14 498 072 ლარით არის გაზრიდლი.

რამდენიმე თვის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები "უმუშევრობას, უმოქმედობას და სიღარიბეს" შეაჩვიეს. ღარიბაშვილის თქმით, წელს მთავრობა სიღარიბის შემცირების მიზნით ათიათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.