თუთიყუშისგან, როგორც წესი, არავინ მოელის ქურდობას. თუმცა, ეს ალბათ მაშინ, როცა ამ ფრინველის ახალზელანდიური სახეობის, კეას, შესახებ არ სმენიათ. კეა სწორედაც რომ ქურდბაცაცობითაა ცნობილი — ცნობისმოყვარე ჩიტი იპარავს საფულეებს, სამკაულებს, საჭმელს და ყველაფერს, რაც კი მის ყურადღებას მიიქცევს.

ამჯერად, ერთ-ერთი კეას ყურადღების ცენტრში ვიდეოკამერა აღმოჩნდა. კამერა ვერჰიულების ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც მთაში სალაშქროდ იყო წასული. ვერჰიულებმა შეამჩნიეს, რომ მათ რამდენიმე კეა დაემგზავრა და როცა ქოხში შევიდნენ, გადაწყვიტეს, ფრინველების გადასაღებად კამერა გარეთ დაეტოვებინათ.

აშკარად ცუდი აზრი იყო...

ერთ-ერთმა თუთიყუშმა, არც აცივა, არც აცხელა, პირდაპირ ნისკარტი წაავლო კამერას და გაფრინდა. ჩართული კამერით ფრინველმა თავისი ქურდობა შთამბეჭდავად აღბეჭდა: ფრენაც და მოგვიანებით — რამდენიმეწამიერი პოზიორობაც, სანამ ნივთს პატრონები დაიბრუნებდნენ.

"ხმას მივყევით და ხეზე მოლხენილებს წავაწყდით", — ჰყვება ალექს ვერჰიული, — "მათაც აშკარად გაიგონეს ჩვენი ხმა და კამერა მიატოვეს. როცა ჩემი შვილი ადგილის შესამოწმებლად მივიდა, შეამჩნია, რომ კამერა ისევ იქ იდო და იღებდა".