სამ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხდადდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საუბარია, ზესტაფონის, უშანგი ჩხაიძის სახელობის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობისა და ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრებზე.

უწყებაში ამბობენ, რომ ზესტაფონის თეატრში სამინისტრომ კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელად სამი რეჟისორი — დავით ბახტაძე, ლაშა გოგნიაშვილი და მაია შენგელია წარუდგინა, თუმცა, როგორც მათი თქმით, ვერცერთმა საბჭოზე ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.

რაც შეეხება, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრს, უწყებაში შესარჩევი კონკურსის ჩაშლის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დადგენილ ვადაში სამინისტროში საკონკურსო განაცხადი არავის შეუტანია.

"მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოცხადდა, მაგრამ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადაში სამინისტროში არც ერთი საკონკურსო განაცხადი არ შემოსულა. შესაბამისად, მოცემულ თეატრშიც სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა", — აცხადებს სამინისტრო.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე განაცხადი 6-მა კანდიდატმა შეიტანა, მათ შორის, თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და ამავე თეატრის მსახიობმა და რეჟისორებმა.

სამინისტრომ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი გასული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია. რაც შეეხება დანარენებს, უწყებაში ამბობენ, რომ მათ შორის, რამდენიმე "ახალგაზრდა, პერსპექტიული რეჟისორია", თუმცა ფიქრობენ, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ქმნის დასაბუთებულ მოლოდინს, რომ ისინი ახლა "მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციის მქონე სახელოვნებო დაწესებულებისა და ერთ-ერთი დიდი საბიუჯეტო ორგანიზაციის მართვა შეძლებენ".