მიმდინარე წლის იანვრის დასასრულს, აშშ-ის ოკლაჰომის შტატში მცხოვრები ადამიანები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ — მათ ცაზე სპირალური ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს, რომლის გამოჩენის დღესაც რეგიონს მიწისძვრაც დაატყდა თავს. მოგვიანებით, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ საქმე სინამდვილეში არა იდუმალ მოვლენასთან, არამედ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტასთან ჰქონდათ.

მაშინ Falcon 9 ფლორიდის შტატში მდებარე კანავერალის კონცხიდან გაუშვეს, რათა მას ორბიტაზე COSMO-SkyMed-ის სატელიტები განელაგებინა. თუმცა, მეტეოროლოგ ლაურა მოკის აზრით, აპარატი საბოლოოდ ოკლაჰომის თავზე მოექცა. შესაბამისად, სწორედ მას უკავშირებენ ღამის ცაზე ფორმირებულ შთამბეჭდავ ნათებას.

მეორე ექსპერტის, მაიკ კოლიერის განცხადებით, რაკეტის ირგვლივ გაჩენილი ერთგვარი სპირალი მისი მეორე საფეხურის საწვავის გამოსაშვებმა მექანიზმმა წარმოქმნა. ის საკმაოდ უცნაური დასანახი იყო, თანაც სეისმურმა ტალღებმა მას დამატებითი იდუმალება შესძინა, ამიტომ ხალხის გაოცება სრულიად მოსალოდნელი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ არეალში დაფიქსირებული ამოუცნობი ფენომენის მიღმა SpaceX-ის აპარატი აღმოჩნდა. მსგავსი რამ აპრილშიც მოხდა. მაშინ იქაურმა მაცხოვრებლებმა ცაზე კაშკაშა ზოლი შეამჩნიეს, რომელიც რეალურად Starlink-ის თანამგზავრების წყება იყო.

ილონ მასკის კომპანია წელს 52 მისიის განხორციელებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარი რამ შესაძლოა, კიდევ ბევრჯერ ვიხილოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.