აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს კუთვნილ არგონის სახელმწიფო ლაბორატორიასა და ჩიკაგოს უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი რეკორდი დაამყარეს — მათ კუბიტებს კვანტური მდგომარეობა 5 წამზე მეტი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნეს. ამის შესახებ ფიზიკოსები გამოცემაში Science Advances ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან.

უკანასკნელი მიღწევა ინოვაციურ მეთოდს ეფუძნება, რომელიც კვანტური ინფორმაციის წასაკითხად გამოიყენეს. კერძოდ, სპეციალისტებმა ლაზერის პულსების მეშვეობით კუბიტებს თოთო ელექტრონი დაუმატეს. სწორედ ამან გაახანგრძლივა მათი განსაკუთრებული მდგომარეობა, რაც, ზოგადად, ძალიან ძნელად განსახორციელებელია. საქმე იმაშია, რომ დაბრკოლებას გარემომცველი ხმაური ქმნის, რომლის თავიდან ასაცილებლადაც საჭიროა, კვანტური კომპიუტერები დაბალ ტემპერატურაზე ავამუშაოთ.

"5 წამი საკმარისია, რომ სინათლის სიჩქარით მოძრავი სიგნალი მთვარემდე გავაგზავნოთ და უკანაც დავაბრუნოთ. წარმოიდგინეთ მონაცემები, რომელსაც ფოტონების დახმარებით გადავცემთ. ისინი ამას მაშინაც გაართმევენ თავს, თუ დედამიწას თითქმის 40-ჯერ დაარტყამენ წრეს, რაც განაწილებული კვანტური ინტერნეტისკენ გვიკვალავს გზას", — აცხადებენ ავტორები.

ხმაურის შესამცირებლად, მკვლევრებმა ჩიპები სილიციუმის კარბიდისგან დაამზადეს, შემდეგ კი მათკენ მიკროტალღური პულსები მიმართეს, რომლებიც კუბიტებს კვანტურ მდგომარეობაში გადასვლისკენ უბიძგებდა. ამგვარად, შუალედში დაფიქსირებული ნებისმიერი ხარვეზი ბათილდებოდა და ინფორმაცია დაუმახინჯებლად ინახებოდა.

ეს შეუძლებელი იქნებოდა კოჰერენტულობის, ანუ იდენტური ტალღებისა და სიხშირის გარეშე. მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი შედეგი 100 მილიონზე მეტი გამოთვლის ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, მეცნიერული გარღვევაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.