თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელად მიმართავს და ნულებს უწოდებს. მერის თქმით, გულწრფელად სიამოვნებს მედიის "ასეთი მდგომარეობა" და აღნიშნავს, რომ სიცრუე არასდროს შერჩებათ. ასე პასუხობს კალაძე მერიის ახალ ადმინისტრაციულ შენობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

"არასდროს არ შეგრჩებათ სიცრუე, არასდროს არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაციები. მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნულები, დაფიქრდით. მე პირადად, გულწრფელად გეუბნებით, მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. დაფიქრდით, თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები", — თქვა მან.

კალაძის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია ფეიკ-ნიუსი და "მორიგი სიბინძურეა" და შენობა არა მერიისთვის, არამედ 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა სასერვერო ცენტრის მოსაწყობად შენდება.

"ეს არის ტყუილი, ეს არის მორიგი ფეიკ-ნიუსი, მორიგი სიბინძურე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტმა გააკეთა განცხადება, არანაირი მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი, მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა, გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომელიც მერიაში არ სხედან", — ამბობს ის.

მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენების შესახებ ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ გამართა. ჯაფარიძის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომ მშენებლობისთვის გამოყენებული თანხა თბილისში არსებულ პრობლემების მოგვარებას მოხმარდეს.

"მაშინ, როდესაც ქალაქში არის უმძიმესი, როგორც ეკონომიკური, ასევე, ინფრასტრუქტურული და სოციალური მდგომარეობა, კახა კალაძემ გადაწყვიტა, რომ ააშენოს მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობა. დიახ, გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ქალაქში არის უმძიმესი მდგომარეობა და ფაქტობრივად, არის შიმშილი და უდიდესი გაჭირვება", — თქვა მან.