ბრედ პიტის მომხიბვლელობა ახალი არავისთვისაა, თუმცა ამ ფაქტით გაოცება დღემდე არ იკლებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილმა შოტლანდიელმა მსახიობმა ბრაიან კოქსმა Vanity Fair-თან თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა, მათ შორის 2004 წლის ისტორიული ფილმი ტროა, რომელშიც აგამემნონის როლს ასრულებს.

საინტერესოა, რომ ამ ფილმზე ლაპარაკისას ბრაიან კოქსმა ბრედ პიტთან დაკავშირებული მოგონებების გახსენებას დაუთმო დრო, რომელიც იმავე ფილმში აქილევსს განასახიერებს. 75 წლის მსახიობმა ის ემოციები აღწერა, რომლებიც ფილმის გადასაღებ მოედანზე ბრედ პიტის დანახვისას დაეუფლა:

"მახსოვს, რომ ბრედით აღტაცებული ვიყავი. მანამდე ის მსგავს კოსტიუმში ნანახი არ მყავდა. როგორც კი გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ყბა ჩამომივარდა, ისე გამაოგნებლად მშვენიერი იყო. ჰეტეროსექსუალი ვარ, მაგრამ გავიფიქრე: "ვაჰ, ღმერთო ჩემო! ის განსაცვიფრებელია!" რა შანსი აქვს ეკრანზე სხვას ამ ძალიან, ძალიან ლამაზი კაცის გვერდით?" — ამბობს ბრაიან კოქსი.

ფილმი ტროა კინოგაქირავებაში წარმატებული აღმოჩნდა: შემოსავლებმა 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბრედ პიტთან და ბრაიან კოქსთან ერთად მასში კიდევ ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც ორლანდო ბლუმი, დიანე კრუგერი და შონ ბინი არიან.

ბრაინ კოქსი ამჟამად თამაშობს სერიალში Succession, რომელიც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და საუკეთესო სატელევიზიო შოუდ ითვლება.