Facebook-ის შექმნიდან ბოლო დრომდე, მისი ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად მზარდი იყო, თუმცა 2021 წლის უკანასკნელ 3 თვეში ეს შეიცვალა. ამ პერიოდში, ისტორიაში პირველად, დაღმასვლა დაფიქსირდა, რის შესახებაც ინფორმაცია Meta-მ ახლახან გაავრცელა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსალოდნელზე მეტად შენელდა აპლიკაციაში რეკლამების განთავსების მსურველთა რიცხვის მატების პროცესიც, რამაც კომპანიის აქციების ფასის თითქმის 20 პროცენტით შემცირება გამოიწვია. ამით მის საბაზრო ღირებულებას 200 მილიარდი აშშ დოლარი გამოაკლდა.

ეს ცხადყოფს, რომ სახელის შეცვლა Meta-ს ვერ დაეხმარა, ინვესტორების ყურადღება პრობლემური საკითხებისგან სხვა რამეზე გადაეტანა. ცნობილი გახდა, რომ წინა წლის ბოლო კვარტალში მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში Facebook-მა ყოველდღიურად აქტიური 1 მილიონი მომხმარებელი დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ეს რეგიონი კომპანიის სარეკლამო ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

უმეტესწილად, სწორედ ამან განაპირობა კლების საერთო ტენდენცია და ყოველდღიურად აქტიურ მომხმარებელთა მაჩვენებლის 1.93 მილიარდიდან 1.929 მილიარდამდე ჩამოსვლა. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია არც სხვა პლატფორმებზეა (Instagram, WhatsApp).

ამ ყველაფრის მიუხედავად, შარშან Meta-ს 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. თუმცა, აქედან საკმაო თანხა იხარჯება Reality Labs-ში, რომელიც ვირტუალური რეალობის მოწყობილობებზე და მეტავერსთან დაკავშირებულ სხვა ინიციატივებზე მუშაობს. მომავალში ცუკერბერგი იქ უფრო მეტი ფულადი რესურსის ჩადებას გეგმავს, მაგრამ Facebook-იდან შემოსული თანხის გარეშე ეს გაუჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.