Spider-Man: No Way Home-ის პრემიერიდან თითქმის 2 თვე გავიდა და ფილმის ვარსკვლავი ტომ ჰოლანდი საზოგადოებას ამჯერად თავის მომდევნო ფილმს, Uncharted-ს აცნობს. 1-ელ თებერვალს ახალი ფილმის შესახებ ინტერვიუს დროს ტომმა სპაიდერმენის შესახებ ისეთი კარგი ამბავი შეიტყო, რომ პირდაპირ ეთერში ყბა ჩამოუვარდა და ცოტა ხნით ხმა ვერ ამოიღო.

ჟურნალისტმა ინტერვიუ სპაიდერმენის წარმატებაზე საუბრით დაიწყო და ტომს ჰკითხა, თუ როგორი გრძნობა იყო ისეთ პროექტში მონაწილეობა, რომელიც მალე, შესაძლოა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გამხდარიყო.

"მგონი, ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის ტიტულისგან ცოტათი შორს ვართ, არა?", — იკითხა დაბნეულმა ტომმა.

მართლაც, ამჟამად Spider-Man: No Way Home ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მეექვსე ადგილზეა. თუმცა ჟურნალისტმა მალევე დააზუსტა, რომ აშშ-ში მიღებული შემოსავლების მიხედვით სპაიდერმენის ახალ ფილმს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმისგან — ავატარისგან მხოლოდ $23 მილიონი აშორებს.

როგორც ჩანს, ეს ტომისთვის სიახლე იყო, რადგან გაოცებულმა ცოტა ხნით სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. როცა ბოლოს და ბოლოს ამ აზრს შეეგუა, აღფრთოვანება არ დაუმალავს.

ცოტა ხნის წინ Sony-ის პროდიუსერმა ემი პასკალმა განაცხადა, რომ ტომ ჰოლანდი სპაიდერმენის ამპლუაში კიდევ დაგვიბრუნდება, რადგან კომპანია სპაიდერმენის კიდევ ერთ ტრილოგიას გეგმავს. თუმცა თუ Sony-ისა და მარველის არცისე შეხმატკბილებულ ურთიერთობას გავითვალისწინებთ, ზუსტი პასუხი კითხვაზე, კიდევ ვიხილავთ თუ არა ტომს პიტერ პარკერის როლში, უცნობია.

სპაიდერმენის მომავალი ზუსტად არც თავად ტომ ჰოლანდმა იცის:

"სპაიდერმენის სავარაუდო მომავალზე ვისაუბრეთ, თუმცა ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა. ზუსტად არ ვიცით, მომავალში რა იქნება", — განაცხადა ტომმა.

ამავე თემაზე: