საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარში, ისევე როგორც დეკებერში, წლიური ინფლაცია 13,9%-ს გაუტოლდა — ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.

იანვარში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 16,2%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,27%-იანი წვლილი შეიტანა.

ასეთია იმ 20 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც იანვარში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 213,8%-ით;
  2. ბუნებრივი გაზის გადასახდელი — გაძვირდა 78,3%-ით;
  3. ელექტროენერგიის გადასახდელი — გაძვირდა 73,8%-ით;
  4. ნაგვის გატანის გადასახდელი — გაძვირდა 58,1%-ით;
  5. წყლის გადასახდელი — გაძვირდა 57,7%-ით;
  6. ქლიავი — გაძვირდა 55,8%-ით;
  7. ლურსმანი — გაძვირდა 53,3%-ით;
  8. თერმომეტრი — გაძვირდა 43,1%-ით;
  9. გაზი გათხევადებული — გაძვირდა 39%-ით;
  10. ბენზინი — გაძვირდა 37,1%-ით;
  11. ბადრიჯანი — გაძვირდა 36,5%-ით;
  12. მარგარინი — გაძვირდა 35,8%-ით;
  13. შაქარი — გაძვირდა 34,9%-ით;
  14. ელექტროყავადანი — გაძვირდა 33,5%-ით;
  15. შპრიცი — გაძვირდა 32,3%-ით;
  16. დიზელის საწვავი — გაძვირდა 32,2%-ით;
  17. მანდარინი — გაძვირდა 30,7%-ით;
  18. კარტოფილი — გაძვირდა 30,7%-ით;
  19. ჭიქა — გაძვირდა 29%-ით;
  20. ქალის ზამთრის პალტო — გაძვირდა 29%-ით.

გარდა ამისა, გაძვირდა კიდევ 243 დასახელებელის პროდუქტი და მომსახურება, ხოლო გაიაფდა — 33.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის იანვარში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია მოქმედებდა, შესაბამისად, 2021 წლის იანვარში კომუნალური ტარიფები შედარებულია 2020 წლის იმავე თვის სუბსიდირებულ ტარიფებთან, რაც იწვევს ზრდის შედარებით მაღალ მაჩვენებელს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. მათი თქმით, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდით არის განპირობებული.

სებ-ში პროგნოზირებენ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.