მითი — Mythos ბერძნულად თქმულებას, იგივე გადმოცემას ნიშნავს, თუმცა, ის ხშირად თავს "ფაქტადაც" ასაღებს. მითები ანტიკური პერიოდიდან ჩნდებოდა, თუმცა, ისინი დღესაც არსებობს. მითებს შეიძლება შევხვდეთ ყველგან და ყველაფერში, მათ შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებშიც.

ასევე: 10 ფართოდ გავრცელებული მითი, რომელიც მეცნიერებაში არ უნდა აგვერიოს

ამ სტატიაში 10 ხშირად გავრცელებულ მითს ვამხელთ, რომლებიც ტექნოლოგიბის სფეროშია გავრცელებული. ეს მითები შეიძლება ბევრგან გვსმენია, ბევრს უთქვამს ჩვენთვის, მაგრამ რეალობასთან საერთო არაფერი აქვთ.

მითი 1: მაკის კომპიუტერები არ ვირუსდება

Mac-ის მომხმარებლები ხშირად ამაყობენ, რომ მათ სისტემას ვირუსები ვერაფერს აკლებს. ალბათ, აქედანაც გავრცელდა მითი თითქოს მაკის კომპიუტერები არ ვირუსდება. მეტიც, ამაზე თავად Apple ტრაბახობდა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ მათი კომპიუტერები ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე Windows-ის სისტემა. თუმცა, კომპანიამ ეს პოზიცია მალევე შეცვალა, მას შემდეგ, რაც ვირუსმა 2012 წელს ათასობით მაკის კომპიუტერი დააზიანა.

რეალობა ის არის, რომ ვირუსს შეუძლია იმოქმედოს როგორც PC-ზე, ასევე Mac-ზე. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ Apple-ის კომპიუტერებზე მსგავსი თავდასხმები შედარებით იშვიათია. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ Windows-ის მომხმარებელთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე Mac-ის.

მითი 2: ბრაუზერის პირადი/ინკოგნიტო ფუნქცია ანონიმურობას განიჭებთ

ალბათ ბევრჯერ გსმენიათ, "თუ გინდა ანონიმურად დარჩე, ბრაუზერის ინკოგნიტო ფუნქცია გამოიყენე". თუმცა, ასეთი გაგება ბოლომდე სწორი არ არის. როდესაც თქვენ Google Chrome-ში ინკოგნიტო რეჟიმს იყენებთ, ან Safari-ის პირად ფუნქციას, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბრაუზერი არ აკვირდება თქვენს ისტორიას. შესაბამისად, ის ავტომატურად არ შედის თქვენს რომელიმე ანგარიშში.

ეს ძირითადად კარგია იმისთვის, რათა სხვა ადამიანებმა, რომელებიც თქვენს კომპიუტერს გამოიყენებენ ვერ ნახონ თუ როდის რა საიტზე იყავით შესული. თუმცა, ეს თქვენს ვინაობას თუ პროვაიდერს დაფარულს არ ხდის. ამიტომ, ნუ წამოეგებით ამ მითზე, გაითვალისწინეთ ეს და მსგავსი ფუნქციის გამოყენებისას ძალიანაც ნუ გათამამდებით. სხვა დანარჩენისთვის არსებობს თორის ბრაუზერი.

მითი 3: დაარეფრეშე, აჩქარდება — განახლების ღილაკი Windows-ს აჩქარებს

კომპიუტერი ნელა მუშაობს? "დაარეფრეშე, აჩქარდება". ეს კლასიკური მითია, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული. კი, მაგრამ, მაშინ რას აკეთებს ეს ფუნქცია?

რეალურად დარეფრეშება კომპიუტერს სრულად არ "არეფრეშებს". ის მხოლოდ ანახლებს ეკრანს, რომელსაც კონკრეტულ მომენტში იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენ დააკოპირეთ რაიმეს დესკტოპზე და ის არ აისახება მალევე, დარეფრეშება შეიძლება სასარგებლო იყოს. ამ დროს დესკტოპს არეფრეშებთ და ჰოი საოცრებავ, ფაილი დესკტოპზეა.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს თქვენს კომპიუტერს ვერ ააჩქარებს. ერთი სიტყვით, მან უნდა გამოასწოროს შეცდომები და ხარვეზები, მაგრამ კომპიუტერის მუშაობას ვერ გააცოცხლებს. მეტიც, დაჩქარების ნაცვლად, კომპიუტერის დარეფრეშება რეალურად ანელებს პროცესებს და აიძულებს თქვენს კომპიუტერს მეტი სამუშაოს შესრულებას. ასეთ დროს ეკრანი ვიზუალურად ახლდება, ეს კი მოითხოვს CPU რესურსს.

მაშ ასე, შენელებულად მუშაობს თქვენი კომპიუტერი? — ასეთ დროს ჯობია სხვა ზომები მიიღოთ და დარეფრეშების იმედზე ნუ იქნებით.

მითი 4: Recycle Bin-ის გასუფთავება ფაილებს სამუდამოდ შლის

ბევრს სჯერა, რომ როგორც კი კომპიუტერში Recycle Bin-ს გაასუფთავებს, კონკრეტული მონაცემები სამუდამოდ იშლება. ეს არ არის სწორი და მორიგი ფართოდ გავრცელებული მითია. თუმცა, გასაგებია თუ რატომ. როდესაც თქვენ Recycle Bin-დან შლით მონაცემებს, ერთი შეხედვით ის მართლა ქრება. ამ დროს Windows (ან ნებისმიერი სხვა OS) მსგავს ფაილებს წაშლილად გვაჩვენებს, რა დროსაც კომპიუტერში ადგილი თავისუფლდება.

სინამდვილეში, ამ დროს მონაცემები ჯერ კიდევ არსებობს. რეალურად მონაცემთა სამუდამოდ წაშლისა და მათი სხვა სეგმენტებით შევსების პროცესი საკმაოდ დიდ ხნიანია. ჩვენ რომ ამ პროცესს ვხედავდეთ, საკმაოდ არაპრაქტიკული იქნებოდა. რეალურად ამ "ილუზიით" ოპერაციული სისტემები მომხმარებელზე ზრუნავენ, რა დროსაც მაუსის ერთი დაწკაპუნებით უამრავი ფაილის "წაშლის" მომსწრენი ვხდებით.

საბოლოოდ, დროსთან ერთად კომპიუტერში მონაცემების ერთმანეთზე გადაწერა ხდება. ამ მონაცემების (თუ ის უკვე არ არის გადაწერილი) ადვილად დაბრუნება შესაძლებელია ფაილების აღდგენის ხელსაწყოს გამოყენებით, როგორიცაა Recuva. ამ პროცესზე მეტის გაგება აქედან შეგიძლიათ.

ეს ერთი მხრივ კარგი ამბავია, რადგან შემთხვევით წაშლილი საჭირო ფაილის აღდგენა შეგვიძლია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ეს სხვასაც შეუძლიათ. მონაცემების სამუდამოდ წასაშლელად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაილების გამანადგურებელი უფასო სერვისი — Eraser. ის წაშლის და გადაწერს მონაცემებს ერთდროულად.

მითი 5: მობილურის დიდი ხნის განმავლობაში შეერთებული დატოვება ბატარეას ანადგურებს

და აი ისიც, ალბათ ერთხელ მაინც გაგიგონიათ, "ტელეფონს დამტენზე შეერთებულს ნუ დატოვებ, გაფუჭდება". ბევრს სჯერა, რომ როდესაც ტელეფონი დაიტენება, ჯობია მალევე გამოვაერთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გადახურდება. ერთი შეხედვით ამაში არის ლოგიკა, მეტიც, გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში მოსახლეობის 52 პროცენტს ამის სჯერა, მაგრამ რეალურად ესეც მორიგი მითია.

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ ეს ტელეფონის ბატარეას ვნებს. მეტიც, თანამედროვე სმარტფონები მუშაობენ ლითიუმ-იონურ ბატარეებზე. მსგავსი ბატარეა კი საკმარისად ჭკვიანია იმისათვის, რომ ავტომატურად შეწყვიტოს დატენვა, როდესაც მას ეს აღარ სჭირდება. შესაბამისად, თუ სმარტფონი დამტენზე შედარებით უფრო დიდი ხნით დაგრჩებათ, შეგიძლიათ ამაზე აღარ იდარდოთ, სანერვიულო ისედაც საკმარისია.

მითი 6: სმარტფონზე მეტი მეგაპიქსელი ყოველთვის უკეთეს კამერას ნიშნავს

მეტი მეგაპიქსელი ყოველთვის უკეთეს კამერას არ ნიშნავს. სურათის ხარისხი დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენი სინათლის მიღება შეუძლია სენსორს.

დიდ სენსორს უფრო დიდი პიქსელების მიმღები აქვს და რაც უფრო დიდია პიქსელი მით მეტი სინათლის ათვისებაა შესაძლებელი. შესაბამისად, პიქსელების ზომას აქვს მნიშვნელობა უფრო მეტად, ვიდრე პიქსელების რაოდენობას.

პიქსელების როლის აღსაქმელად ასეთი მაგალითი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: წვიმაში წყლის დასაჭერად ბოთლი გვაქვს. ის თუ რამდენად მეტ წყალს დავიჭერთ ძირითადად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად დიდი შეიძლება იყოს ჩვენი ბოთლი. ანუ, შეიძლება გვქონდეს მეტი ბოთლი, მაგრამ ზომაში პატარები და წყალი მაინც ნაკლები ავაგროვოთ. იგივე ხდება პიქსელების შემთხვევაშიც.

ამიტომ, შეიძლება ტელეფონს ჰქონდეს 8 მეგაპიქსელი და სხვა 12 მეგაპიექსელიან სმარტფონზე უფრო მძლავრი ეკრანი გააჩნდეს. თუ ეს ამბავი თქვენთვის სიახლეა, არ ინერვიულოთ, მარტო არ ხართ. კვლევები აჩვენებს, რომ აშშ-ში მოსახლეობის 82 პროცენტს ამ მითის სჯერა.

მითი 7: სმარტფონის გამოსხივება კიბოს იწვევს

მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები ასხივებენ რადიაციას, რომელიც შეიძლება შეიწოვოს ადამიანის ქსოვილმა, არ არსებობს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმისა, რომ ეს რადიაცია რეალურად იწვევს კიბოს. ამ მითის გასაქარწყლებლად ბევრი კვლევა ჩატარებულა და ყველა მიუთითებს, რომ ტელეფონი კიბოს არ დაგმართებთ.

აი, რას ამბობს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მოხსენება:

"მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ვარაუდები, რომ მობილური ტელეფონების გამოსხივებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინზე და სხვა ქსოვილებზე, დღემდე არ არსებობს მტკიცებულება უჯრედებზე, ცხოველებზე ან ადამიანებზე, რომ მსგავსმა სიხშირემ კიბო გამოიწვია."

რაც მთავარია, ასეთ დროს არ გვაქვს საქმე მაიონებელ გამოსხივებასთან. ეს არის გამოსხივება, რომელსაც საკმარისი ენერგია აქვს ელექტრონების გასათავისუფლებლად და მათი იონიზირებისთვის. სმარტოფნების გამოსხივებისგან განსხვავებით, ამ ტიპის გამოსხივება საშიშია და მოიცავს ისეთ "ცუდ ბიჭებს", როგორიცაა რენტგენი, გამა, ულტრაიისფერი სპექტრის ნაწილი და ა.შ.

მითი 8: 5G საშიშია

და აი ისიც, კონსპირაციები! კონსპირაციულ თეორიებს მიმდევრები ყოველთვის ჰყავდათ. მსგავსი შიშები სიახლეებთან ერთად კიდევ უფრო აქტიურდება ხოლმე. გარკვეულ ადამიანებს ახალი ტექნოლოგიების შიშიც აქვს. რადიო, ტელევიზია, მობილური ტელეფონები, Wi-Fi და კიდევ ბევრი რამ რასაც ახლა ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლით მათში ყოველთვის შიშს იწვევდა. რა თქმა უნდა, არც 5G-ია გამონაკლისი.

არის კონსპირაციული თეორიები რის მიხედვითაც, 5G ანტენები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ადამიანების გასაკონტროლებლად შეიქმნა.

თუმცა, ძირითადად რასაც 5G ტექნოლოგიებს აბრალებენ, ეს საშიში რადიაციაა. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 5G ანტენებმა ხეების დაზიანება და ადამიანებში წნევის ცვალებადობა გამოიწვია. მეტიც, იქმნება სხვდასხვა აქსესუარები, რომლებიც თითქოს 5G გამოსხივებისგან დაგვიცავს. საინტერესოა, რომ სწორედ ასეთი 5G-ის "საწინააღმდეგო" აქსესუარები რადიოაქტიური აღმოჩნდა.

ასევე: 5G ქსელს არანაირი კავშირი არ აქვს COVID-19-თან — როგორ მუშაობს პროპაგანდის მანქანა

რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ 5G ადამიანთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

მითი 9: კომპიუტერის ყოველდღე გამორთვა სასურველი არ არის

ბევრს ჰგონია, რომ კომპიუტერის ყოველდღე გამორთვა სასურველი არ არის და მეტიც, ეს მას აზიანებს. რეალურად, კომპიუტერის რეგულარულად გამორთვა კარგია. ეს მითი შეიძლება სიზარმაცემ წარმოშვა. ბევრად მარტივია სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ლეპტოპი პირდაპირ დაკეცოთ, ამით ძვირფას წამებს დაზოგავთ და რაც მთავარია, მეორე დღეს ლეპტოპი უფრო სწრაფად ჩაირთვება.

თუმცა, კომპიუტერის გამორთვა ენერგიას ზოგავს და კომპიუტერის კომპონენტებზე ნაკლებად ხდება დაწოლა. ეს საბოლოოდ კომპიუტერის გამძლეობაზე აისახება და იმაზე თუ რამდენად დიდხანს გაგვიძლებს ის. ამიტომ, ნუ დაიზარებთ, შეიძლება გამორთვასა და ჩართვას რამდენიმე წამით მეტი დასჭირდეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ, თქვენს ელექტრონულ მეგობარს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებთ.

მითი 10: მეტი სიგნალის ზოლი ნიშნავს, რომ აუცილებლად სწრაფი სერვისი მომეწოდება

სმარტფონი შეიძლება გიჩვენებდეთ, რომ სიგნალს კარგად იჭერს, ან ინტერნეტი მშვენივრად მოგეწოდებათ, მაგრამ რეალურად ეს შეიძლება ასე არ იყოს. რატომ? მეტი ზოლი უბრალოდ გვატყობინებს იმას თუ რამდენად ახლოს ვართ სიგნალის წყაროსთან.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. დაჭერის ხარისხი ბევრ სხვა ფაქტორზეცაა დამოკიდებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა თუ რამდენი ადამიანი იყენებს ქსელს. მაგალითად, შეიძლება ინტერნეტის წყაროსთან ახლოს იყოთ, სპეციალური ზოლები ამ დროს შევსებულია, მაგრამ თუ ამ სერვისს ზედმეტად ბევრი ადამიანი იყენებს, თქვენ ინტერნეტი სწრაფად არ მოგეწოდებათ.

თუ ეს არ იცოდით, მომავალში აუცილებლად გაითვალისწინეთ და არ გეგონოთ, რომ თქვენი სმარტფონი ჭკუიდან შეიშალა, ან უბრალოდ ურცხვად გატყუებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.