ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მხრიდან საფრთხის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა. აშშ სამხედრო ძალებს უახლოეს დღეებში პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, უახლოეს დღეებში აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩავა. გარდა ამისა, ამჟამად გერმანიაში მყოფი 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში გაიგზავნება.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის განთავსება NATO-ს მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის ჩვენებაა. ჯონ კირბის თქმით, ეს სამხედრო ძალები რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებენ.

29 იანვარს ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს წევრ ქვეყნებში, უახლოეს დროში გაგზავნიდა.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება.

გაიგე მეტი: