ყოველდღიურ საუბრებში მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას განვიხილავთ ხოლმე: ზოგი დეპრესიაზე საუბრობს, ზოგიც — შფოთვით აშლილობაზე, თუმცა არსებობს ისეთი მდგომარეობებიც, რომლების შესახებ არც თუ ხშირად საუბრობენ. ამ სტატიაში მენტალური ჯანმრთელობის 10 იშვიათ მდგომარეობაზე წაიკითხავთ, რომელთა შემჩნევის შემთხვევაში პროფესიონალს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

1. დიოგენეს სინდრომი

ფოტო: Hearty Psych

დიოგენეს სინდრომი ნაგვის, გამოუსადეგარი ნივთების შეგროვების აკვიატებული სურვილით გამოიხატება. მდგომარეობა ძირითადად ასაკოვან ადამიანებში ვლინდება და პროგრესირებად დემენციასთან არის კავშირში. სინდრომის სხვა მახასიათებლები დაუდევრობა, აპათია და დაბნეულობაა.

2. სტენდალის სინდრომი

ფოტო: Art & Object

სტენდალის სინდრომის მქონე ადამიანებს პანიკური შეტევის ნიშნები, დისოციაციური შეგრძნებები, დაბნეულობა, ჰალუცინაციებიც კი აქვთ მაშინ, როცა ხელოვნების ნიმუშებს ხედავენ. სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები განსაკუთრებით მძაფრად იმ შემთხვევებში ვლინდება, როცა ადამიანი ყველასთვის კარგად ნაცნობ, შედევრად აღიარებულ ნამუშევარს ხედავს. სინდრომს ფრანგი მწერლის, სტენდალის სახელი ჰქვია, რომელსაც 1817 წელს, ფლორენციაში მოგზაურობისას მსგავსი გამოცდილება ჰქონდა.

3. უცხოპლანეტელის ხელის სინდრომი

ფოტო: WAMU

ამ სინდრომის მქონე ადამიანის ხელი ისე მოქმედებს, როგორც ავტონომიური სხეული, რომელიც ნებას არ ემორჩილება. ამ დროს ადამიანს შეგრძნებები აქვს, თუმცა ხელი უბრალოდ არ ემორჩილება და ავტომატურ მოქმედებებს ახორციელებს. სინდრომის გამომწვევი მიზეზი თავის ტვინის გარკვეული უბნების დაზიანებაა.

4. კაპგრას სინდრომი

ფოტო: Science ABC

ფრანგი ფსიქიატრი ჯოზეფ კაპგრა ორეულების ილუზიას იკვლევდა და სინდრომსაც მისი სახელი დაერქვა. კაპგრას სინდრომის მქონე ადამიანებს სჯერათ, რომ მათი საყვარელი ადამიანი — პარტნიორი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი თვითმარქვიამ ჩაანაცვლა, რომელიც თავს მის საყვარელ ადამიანად ასაღებს. სინდრომი შესაძლოა შიზოფრენიის, დემენციის, ეპილეფსიის ან თავის ტვინის დაზიანების თანმდევი იყოს.

5. აპოტემნოფილია

ფოტო: Nedeni Nedir

ამ აშლილობის მთავარი მახასიათებელი სხეულის ჯანმრთელი ნაწილების ამპუტაციის დაუოკებელი სურვილია. აშლილობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ითვლება, რომ ნევროლოგიური საფუძველი აქვს. აშლილობის მქონე ადამიანმა შეიძლება კიდურების მოკვეთა სცადოს ან დაიზიანოს ის, რათა ქირურგიულ ამპუტაცია გახდეს საჭირო.

6. საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრილი ელისის სინდრომი

აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს საკუთარი სხეულის, დროის და სივრცის აღქმა აქვთ დარღვეული, რასაც შეიძლება ჰალუცინაციები და მოტორული ფუნქციის დარღვევები ახლდეს. სინდრომი მრავალი სიმპტომით გამოიხატება, მაგრამ ყველაზე ხშირი სხეულის ილუზორული აღქმაა, შესაძლოა ადამიანს საკუთარი კიდური, სხეულის რომელიმე ნაწილი შეუსაბამო ზომის ეგონოს.

7. დეპერსონალიზაცია / დერეალიზაცია

ფოტო: The Black and White

დეპერსონალიზაცია / დერეალიზაცია საკუთარი თავის, გარემოს დამახინჯებული ვიზუალური აღქმაა, იმის განცდა, რომ ყველაფერს გარკვეული დისტანციიდან აკვირდები, საკუთარ სხეულზე ფლობა გაქვს დაკარგული, რეალობას ვერ აღიქვამ, ამ დროს შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ დრო აჩქარებულია ან შენელებული, სივრცე კი ფორმას იცვლის.

8. კლინიკური ლიკანტროფია

ფოტო: Wikipedia

ეს ფსიქიკური მდგომარეობა ხასიათდება იმის რწმენით, რომ ადამიანს ცხოველად გადაქცევა შეუძლია. სინდრომის სახელი მითოლოგიიდან მოდის, კერძოდ, ადამიანის მგლად თუ მაქციად გადაქცევის ყველასთვის კარგად ნაცნობი მითიდან.

ადამიანი, რომელსაც მსგავსი გამოცდილება აქვს, შეიძლება თვლიდეს, რომ ნებისმიერ ცხოველად გარდასახვა შეუძლია, მეტიც, ის იმ ცხოველის ქცევას შეითვისებს, რომლად გადაქცევის ილუზორული რწმენაც აქვს.

9. კოტარდის სინდრომი

ფოტო: André Brouillet / Wikimedia Commons

კოტარდის, იგივე მოსიარულე მიცვალებულის სინდრომი გულისხმობს ადამიანის რწმენას, რომ გარდაცვლილია ან სხეულის რაღაც ნაწილები აღარ უმუშავებს. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ადამიანმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ გარშემო არაფერია რეალური. სინდრომი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის, საკვებზე, სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა ნივთიერებების მიღებაზე უარის თქმით გამოწვეულ დამანგრეველ შედეგებს. სინდრომი, ძირითადად, შუა ხნის ასაკის იმ ადამიანებში ვლინდება, რომელთაც შფოთვის, შიზოფრენიის, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების ისტორია აქვთ.

10. გარდნერ დაიმონდის სინდრომი

ფოტო: Pinterest

ხშირად სხეულის გარკვეული ნაწილის დალურჯება ფიზიკური ზეწოლის შედეგია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოძახილია. გარდნერ დაიმონდის სინდრომი სტრესზე რეაქციაა, რა დროსაც სხეული ნივთიერებებს გამოიმუშავებს, რომელთაც სისხლის გამათხელებლის ეფექტი აქვთ, დალურჯებებიც სწორედ ამ პროცესის შედეგად ჩნდება. დალურჯების, როგორც სტრესული რეაქციის დიაგნოზის განსაზღვრა ფსიქიატრის შეფასების შედეგად არის შესაძლებელი.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.