მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი "დაჰყვება", ანუ იმავე ორბიტაზე მოძრაობს, რომელზეც ჩვენი პლანეტა. აღსანიშნავია, რომ აქამდე მხოლოდ 1 ასეთი ობიექტის არსებობის შესახებ ვიცოდით.

მსგავს ასტრონომიულ სხეულებს "ტროელებს" უწოდებენ. ისინი პლანეტის წინ ან უკან სტაბილური ტრაექტორიით გადაადგილდებიან. პირველად ამგვარი კომპანიონები სპეციალისტებმა იუპიტერის მიმდებარედ დააფიქსირეს, დედამიწის მახლობლად კი აქამდე მხოლოდ 2010 TK7-ად წოდებული ასტეროიდი იყო შემჩნეული.

2020 წლის დეკემბერში სხვა პოტენციური კანდიდატიც გამოჩნდა, რომლის ავთენტურობაც მკვლევრებმა ახლა დაადასტურეს. დედამიწის ეს "ტროელი" 2020 XL5-ის სახელითაა ცნობილი. ის წინამორბედზე თითქმის სამჯერ დიდია და C ტიპს მიეკუთვნება, ანუ ნახშირბადით მდიდარია.

მისი ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია. შესაძლოა, ეს ობიექტი მზის სისტემის შორეულ ნაწილში განლაგებულ ასტეროიდთა სარტყელში წარმოქმნილიყო და იქიდან ჩვენი პლანეტის ორბიტისკენ გეზი იუპიტერის მძლავრი გრავიტაციის გავლენით აეღო.

გამოცემაში Nature გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორთა ვარაუდით, 2020 XL5 აქ კიდევ დიდხანს დარჩება. კერძოდ, ის მომდევნო 4 000 წლის განმავლობაში დაგვიმშვენებს გვერდს. არ გამორიცხავენ მისი მიმართულებით კოსმოსური მისიების განხორციელებასაც — იქ ასტრონავტების გაგზავნას, ბაზების შექმნას და სამეცნიერო ხელსაწყოების განთავსებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.