Studio Ghibli-ის ერთი ანიმეს ნახვაც საკმარისია იმისთვის, რომ მისი ჯადოსნური სამყარო სამუდამოდ შეგიყვარდეთ. ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გვინატრია, ჰოულის მოსიარულე კოშკში გვეცხოვრა ან ტყეში ტოტორო გვეპოვა. მალე ეს სურვილი მხოლოდ ოცნებად აღარ დარჩება, რადგან 1-ელ ნოემბერს იაპონიაში Studio Ghibli-ის პარკი იხსნება.

Spirited Away-ის სამყაროს მიხედვით შექმნილი სივრცე

ფოტო: Ghibli Park

Studio Ghibli-ის პარკის ოფიციალურ ვებგვერდზე რამდენიმე ფოტოს ნახვა უკვე შეგიძლიათ. დამთვალიერებლები პარკში მოჩვენებების მიერ გატაცებულნის, ჰოულის მოსიარულე კოშკისა და ჩემი მეზობელი ტოტოროს სამყაროების მიხედვით შექმნილ სივრცეებში იმოგზაურებენ. პარკში აგრეთვე ტოტოროს ქანდაკება, საცუკისა და მეის სახლი, გულის ჩურჩულის ჯადოსნური მაღაზია და სხვა ზღაპრული ადგილები დაგხვდებათ.

"ახალგაზრდობის გორაკი"

ფოტო: Ghibli Park

პარკის მეორე ნაწილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. დამთვალიერებლებს კიკის მიტანის სერვისის, პრინცესა მონონოკესა და ჰოულის მოსიარულე კოშკის სამყაროების უკეთესად გაცნობა შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ პარკში ჰოულის კოშკსაც ააშენებენ, რომელშიც იმედია, თავად ჰოულიც დაგვხვდება.

საცუკისა და მეის სახლი "ჩემი მეზობელი ტოტოროდან"

ფოტო: Ghibli Park

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდის მიხედვით, პარკში ატრაქციონები არ იქნება. მისი მთავარი მიზანი დამთვალიერებლებისთვის, Studio Ghibli-ის სამყაროს გაცნობისა და მასში მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემაა.

ჰოულის მოსიარულე კოშკი

ფოტო: Ghibli Park

პარკის დათვალიერება ამ ვიდეოშიც შეგიძლიათ:

ამავე თემაზე: