კომპანია Meta სიახლეს გვთავაზობს — ამიერიდან ჩვენი სამგანზომილებიანი ავატარების გაუმჯობესებულ ვერსიებს სხვადასხვა პლატფორმაზე ერთდროულად გამოვიყენებთ. კერძოდ, ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და ვირტუალურ რეალობაში.

ასევე, იხილეთ: მეტავერსი აქ არის: ფეისბუქის პირველი VR აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია

Meta-ს ავატარები ახლა უკვე ბევრად მრავალფეროვანია და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ისინი თავიანთ პიროვნებას უკეთ მოარგონ. ხელმისაწვდომია, როგორც კანის ფერის, ასევე, გამომეტყველებების, სახის ნაკვთებისა და სტილის უფრო ფართო არჩევანი. სურვილისამებრ, შესაძლებელია ისეთი დეტალების დამატება, როგორიცაა ე.წ. კოხლეარული იმპლანტი, სმენის უსადენო აპარატი, ინვალიდის ეტლი და სხვა.

ფოტო: Meta

რაც შეეხება ჩაცმულობას, კომპანია ამ მხრივაც გვანებივრებს. მაგალითად, Meta-მ ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებისთვის შესაბამისი, ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ტანისამოსი შექმნა, რომელშიც შეგვიძლია ავატარები ყოველწლიური ჩემპიონატის განმავლობაში გამოვაწყოთ.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ზემოხსენებულ პლატფორმებზე განსხვავებული ვირტუალური "ორეულების" შექმნა არ შეგვეზღუდება. ხელმისაწვდომია აპლიკაციებს შორის ცვლილებების სინქრონიზაციაც.

უნდა ითქვას, რომ საერთო ავატარები მეტავერსის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, რა თქმა უნდა, იმერსიული ციფრული სივრცისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.