პულიცერის პრემიის მფლობელი გრაფიკული რომანი ჰოლოკოსტზე, MAUS: ცოცხლად დარჩენილის ნაამბობი, გამოცემიდან ათწლეულების შემდეგ Amazon-ზე ბესტსელერების სიის სათავეში აღმოჩნდა. ეს მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ტენესის შტატის ერთ-ერთ სკოლაში წიგნის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიის ვებსაიტზე MAUS-ის გამოცემები სხვადასხვა კატეგორიის ბესტსელერების ათეულშია. წიგნების საერთო კატეგორიაში გრაფიკული რომანის სრული გამოცემა მეორე ადგილს იკავებს. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული ნაწარმოებების კატეგორიაში MAUS-ის ორივე ნაწილი პირველ და მეორე ადგილზეა, ხოლო გრაფიკული რომანების კატეგორიაში შპიგელმანის წიგნის სხვადასხვა გამოცემა პირველ, მეორე და მესამე ადგილებს ფლობს. ამავე პოზიციებზეა წიგნი ისტორიული ლიტერატურის კატეგორიაშიც.

MAUS ქართულად სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა 2018 წელს.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

MAUS მაკმინის ოლქის სკოლაში სასწავლო პროგრამიდან იმ მიზეზით ამოიღეს, რომ მასში გამოყენებული იყო მერვეკლასელებისთვის "შეუფერებელი ლექსიკა" და შიშველი ქალის ილუსტრაცია.

თუმცა, ამერიკელი მხატვარ-რედაქტორი და კომიქსების ავტორი, არგ შპიგელმანი, აცხადებს, რომ ეს წიგნი მთლიანად თავისი ოჯახის გამოცდილებაზეა დაფუძნებული. შპიგელმანის მშობლები ნაცისტური რეჟიმის პერიოდში საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდნენ და გადარჩნენ, მაგრამ მხატვრის დედამ, მოგვიანებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"არ უარვყოფ, რომ ეს საშინელი, ბრუტალური და სასტიკი ამბავია", — ამბობს სკოლის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, — "თუმცა, [წიგნში] ნაჩვენებია ადამიანების ჩამოხრჩობა, ბავშვების დახოცვა, რატომ უნდა გაავრცელოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ ასეთი რამ? ეს არაგონივრული და არაჯანსაღია".

სკოლის დამოკიდებულებით გაოცებული დარჩა შპიგელმანი. მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებამ ორუელისეული დისტოპია მოაგონა.

"უამრავ ბევრ ახალგაზრდას შევხვედრილვარ, რომელმაც ჩემი წიგნიდან ბევრი რამ ისწავლა", — აცხადებს ავტორი, — "ისიც მესმის, რომ ტენესიში შეიშალნენ. მანდ რაღაც ვერაა რიგზე".

ფოტო: Bertrand Langlois / AFP / Getty Images

აკრძალვის საპასუხოდ აშშ-ის მასშტაბით არაერთი ინიციატივა გაჩნდა. ჩრდილოეთ კაროლინის კოლეჯის პროფესორმა მაკმინის სკოლის მოსწავლეებს უფასო ონლაინ გაკვეთილები შესთავაზა.

"ჰოლოკოსტის სწავლებისას ჩემს კურსებში ბევრჯერ გამომიყენებია შპიგელმანის წიგნები", — აღნიშნავს პროფესორი.

ტენესის ქალაქ ნოქსვილის კომიქსების მაღაზიის მეპატრონემ, რიჩარდ დევისმა კი ნებისმიერ მოსწავლეს MAUS-ის სრული გამოცემის თხოვება შესთავაზა. დევისმა თანხის შეგროვებაც წამოიწყო, რათა წიგნის მეტი ეგზემპლარი შეიძინოს. მისი მიზანი $20 ათასის მოგროვება იყო, თუმცა, 1-ლი თებერვლის მონაცემებით $90 ათასზე მეტი შეგროვდა.

"არტ შპიგელმანის შედევრი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი და გავლენიანი გრაფიკული რომანია", — აცხადებს დევისი, — "მიგვაჩნია, რომ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს".