საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ანაკლიის პორტი მოინახულა და გული ეტკინა, რადგან ეს პროექტი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ამის შესახებ დეგნანმა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) კონფერენციაზე ისაუბრა.

"რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი, პორტი მოვინახულე და უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. თუმცა, ამის შემდეგ ანაკლიაში ჩავედი, ის ადგილი ვნახე, სადაც პორტი უნდა ყოფილიყო და გული მეტკინა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს იქ უკვე ნავსადგური უნდა იყოს და გემები მოძრაობდნენ. ეს ადგილი ბიზნესისთვის უნდა ყოფილიყო გახსნილი. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა", — განაცხადა ელჩმა.

დეგნანის თქმით, ახლა საქართველოს გეგმები მხოლოდ ქაღალდზე აქვს და თუ ინვესტორები საქართველოში შემოვლენ, უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება ანაკლიის პროექტს 100%-ით უჭერს მხარს.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის აშენების ტენდერი 2016 წელს გაიმართა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაიმარჯვა. 2020 წლის დასაწყისში კი საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ, კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა.

გაიგე მეტი: