კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სამედიცინო ნიღბები ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად და მისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პროდუქტი გახდა. თუმცა, ამან გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონია, კერძოდ, მხოლოდ 2020 წელს წარმოებული 52 მილიარდი პირბადიდან 1.56 მილიარდი საბოლოოდ ოკეანეებში აღმოჩნდა და მათი დაბიუნძურება გამოიწვია.

ახლა კი მეცნიერებმა ნიღბების გადამუშავების ახალ მეთოდს მიაკვლიეს — მათ ისინი ერთჯერად, იაფ, მოქნილ და ქმედით ლითიუმ-იონურ ელემენტებად აქციეს, რის შესახებაც ავტორები გამოცემაში Journal of Energy Storage გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.

ამისთვის სპეციალისტებმა, პირველ რიგში, პირბადეების დეზინფექციისთვის ულტრაბგერა გამოიყენეს, ხოლო შემდეგ ისინი გრაფენის ერთგვარ საღებავში ჩადეს, მაღალი წნევის პირობებში დაპრესეს და 140°C ტემპერატურაზე გააცხელეს. მიღებული მატერია (ელექტროდების ფუნქციით) ასევე პირბადეებით დამზადებული გამმიჯნავი ფენით განაცალკევეს, ელექტროლიტებით გაჟღინთეს და მედიკამენტების ჩასადები ფირფიტებით შექმნილ დამცავ გარსში გაახვიეს.

შედეგად მიღებული ელემენტები საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა. მკვლევრები აცხადებენ, რომ მათ 99.7 ვტ-სთ/კგ ოდენობის ენერგიის სიმკვრივეს მიაღწიეს.

მეცნიერებმა ეს მონაცემები ელექტროდებში კალციუმ-კობალტის ოქსიდის პეროვსკიტის ნანონაწილაკების ჩამატების გზით გააუმჯობესეს, რამაც ენერგიის სიმკვრივე გააორმაგა. უფრო მეტიც, ის 208 ვტ-სთ/კგ-მდე გაზარდა. მსგავსი ელემენტის საუკეთესო ვერსიამ მოცულობის 82 პროცენტი 1500 ციკლის განმავლობაში შეინარჩუნა და ენერგიის მიწოდება 10-ზე მეტ საათში, 0.54-მდე ვოლტი ძაბვით უზრუნველყო.

ეს ინოვაციური ტექნოლოგია შესაძლოა, უკეთესი ბატარეების შექმნაში დაგვეხმაროს, რომელთა საშუალებითაც საათებს, სანათებსა და სხვა საოჯახო მოწყობილობებს ავამუშავებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.