Bridgerton-ის ვარსკვლავმა, ნიკოლა კოფლენმა, ინსტაგრამზე განთავსებული პოსტით სერიალის ფანებს სთხოვა, რომ მისი სხეულის შესახებ მოსაზრებები აღარ გაუზიარონ. "ძალიან რთულია ათასობით მოსაზრება აიტანო იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურები, რასაც პირდაპირ გწერენ", — ვკითხულობთ მსახიობის პოსტში.

"თუ ჩემი სხეულის შესახებ მოსაზრება გაქვთ, გთხოვთ, ნუ გამიზიარებთ. ზოგი ადამიანი კეთილგანწყობილია, თუმცა ზოგი შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებს. გახსოვდეთ, რომ მეც უბრალო ადამიანი ვარ, რომლისთვისაც ასეთი კომენტარების კითხვა რთულია", — დასძინა მან.

ნიკოლა კოფლენი Bridgerton-ში პენელოპეს როლს ასრულებს და რადგან სერიალი პოპულარულია, მსახიობი აცნობიერებს, რომ ის ახლა ყურადღების ცენტრშია, თუმცა ფანებს მაინც სთხოვს, რომ კომენტარები პირდაპირ მას არ გაუგზავნონ და გაუზიარონ.

"მესმის, რომ ტელევიზიით ხშირად მხედავთ და ბევრი რამის თქმის სურვილი გიჩნდებათ, თუმცა ვითხოვ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ არ მომწეროთ", — ამბობს მსახიობი.

"აღსანიშნავია, რომ პენელოპეს პერსონაჟისთვის წონა აუცილებელი მახასიათებელი არ არის. ვფიქრობ, რომ აქ გაცილებით მძიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც ქალების წონაზე აკეთებს აქცენტს და მათ მოუწოდებს, რომ სხეულის ზომები სტანდარტებში მოაქციონ", — ასე გამოეხმაურა მსახიობი თავად Bridgerton-სა და თავის პერსონაჟს.