ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის არჩევას "სააკაშვილის და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას" უწოდებს და აცხადებს, რომ "მათი კოალიცია საბოლოოდ შედგა". მისი თქმით, ამით დადასტურდა, რომ ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში ორი ადამიანის ყოფნა დამთხვევა არ ყოფილა.

"დღეს ის, რაც მოხდა სამეგრელოს ორ რაიონში, რამდენიმე ხნის წინ დაფიქსირდა, ასევე, რუსთავში და ამ ფაქტს არ შეიძლება, რომ არ გამოვეხმაუროთ — რეგიონებში ამას უწოდებენ სააკაშვილის და გახარიას პარტიების პოლიტიკურ ქორწინებას და რეალურადაც ასეა, მათი კოალიცია საბოლოო შედგა და რუსთავშიც ასე გადაწყვიტეს, რომ ისინი ერთად იქნებიან, მათ ერთმანეთი აირჩიეს, ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს დაუჭირეს მხარი და ასეთ ურთიერთშეთანხმებაში არიან დღეს ისინი რუსთავშიც.

როცა ჩვენ გვქონდა მოცემულობა და ამ ქვეყანაში ვიღაცებს სჯეროდათ, რომ შეიძლება ერთ დროს, ერთ ქალაქში, ერთ სასტუმროში, დაემთხვეს ისე ორი ადამიანი, თუ განსაკუთრებით ესენი არიან გახარია და სააკაშვილი, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყოს, ჩვენ ამის არ გვჯეროდა და საქართველოს მოსახლეობის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს და დღეს დასტურდება, რომ ასეთი დამთხვევები არ ხდება, მათი პოლიტიკური კოალიციად და ერთმანეთის მიმართ ასეთი მკაფიო მხარდაჭერით, ასე რომ, ეს ფაქტი დაფიქსირდა, დადასტურდა. წინა შემთხვევაშიც ასე იყო, პრინციპში, ახალი და აღარაფერი ყოფილა, მათ უკვე ერთ ორგანიზმად იგრძნეს თავი და აღარც მალავენ ამ პოლიტიკურ ერთობას", — აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს, 31 იანვარს რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, ნოდარ შეროზიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას 18 დეპუტატმა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის 15-მა წევრმა დაუჭირდა მხარი.

აღნიშნული რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციის ოფიციალურ გაფორმებად შეაფასა.

გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს თავმდჯომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც არიან არჩეულები.