საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას.

"პროგრამის დამტკიცება უკვე ნიშნავს, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად, საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციების მხრიდან ანთებული გვაქვს მწვანე შუქი. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი განხორციელდება და იქცევა რეალობად. ეს გულისხმობს იმასაც, რომ ფისკალური დისციპლინა და ქვეყნის ფინანსების მართვა უნდა იყოს სათანადო დონეზე," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პროგრამის დამტკიცება მძიმე, ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც ფინანსთა მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან ერთად გასწია. მისივე თქმით, პროგრამა უმნიშვნელოვანესია ყველა იმ რეფორმის განსახორციელებლად, რომლსაც მთავრობა აანონსებს ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში.

"მინდა აღვნიშნო ეროვნული ბანკის კარგი, კოორდინირებული მუშაობა ამ მიმართულებით. ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სახეზეა, როგორც მაკროეკონომიკურ, ისე მიკრო დონეზეც. ჩვენი ვალია, რომ ეს დინამიკა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავააქტიუროთ. სავალუტო ფონდის პროგრამის დამტკიცება არის ძალიან პოზიტიური სიგნალი ყველა იმ ინვესტორისთვის, რომელიც საქართველოს მიმართულებით მუშაობს," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.