გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობებს მოუწოდებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა ბავშვების განათლების პროცესი არ შეწყდეს. UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენრიეტა ფორე ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სკოლები ღია უნდა დარჩეს.

"სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა.

ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა", — აღნიშნა მან.

ის მთავრობებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ ჩაატარონ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია. მისი თქმით, ვაქცინების მისაღებად მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს, მას შემდეგ, რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება.

"გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც", — აღნიშნულია განცხადებაში.

ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც რთულ დათმობებს მოითხოვს. მისი თქმით, აცნობიერებენ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც პანდემია სასკოლო სისტემებს უქმნის, თუმცა აღნიშნავს, რომ "ფსონები ძალიან მაღალია" და საერთო ძალისხმევაა საჭირო, რათა ბავშვებმა სკოლებში სიარული გააგრძელონ.