ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის არჩევას ქართული ოცნების დამარცხებად აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია.

"მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა! რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

მელია დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმშიც დამარცხდება. მისი თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შემცირდეს ქართული ოცნების მიერ მოსყიდვის, დაშინებისა და შანტაჟის გზით, ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლის შანსები. მელია აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ამ საქმეში ერთად უნდა იყოს.

დღეს, 31 იანვარს რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, ნოდარ შეროზიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას 18 დეპუტატმა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის 15-მა წევრმა დაუჭირდა მხარი.

აღნიშნული რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიციის ოფიციალურ გაფორმებად შეაფასა.

გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს თავმდჯომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც არიან არჩეულები.