რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის შეფასებით, რუსთავის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას პარტიის კოალიცია ოფიციალურად გაფორმდა. ასე ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ საქართველოსთვის წევრის არჩევას ეხმაურება.

"ნაციონალური მოძრაობისა და პარტია საქართველოსთვის კოალიცია ამჯერად რუსთავში ოფიციალურად გაფორმდა. ფორმალურად ორი პარტიის, რეალურად კი ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეულმა სუბიექტებმა საკრებულოს თავმჯდომარე ერთხმად აირჩიეს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ ეს პარტიები სინქრონულად მოქმედებენ და მათ ერთი პოლიტიკური მიზანი ამოძრავებთ", — განაცხადა მან ბრიფინგზე.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ქართული ოცნება საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას, ლაცაბიძე ამბობს, მათთან ნებისმიერ საკითხზე ითანამშრომლებს, რაც რუსთავში არსებული პრობლემების მოგვარებას შეეხება.

"მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენთვის მთავარია ქალაქის ინტერესები. ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ქალაქში სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას, მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების გადაწყვეტას, გაუმჯობესებას პირობების, ეს არის ჩვენთვის მთავარი. ვითანამშრომლებთ, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება. ჩვენ მთავარია, რომ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ ქალაქზე", — განაცხადა მან.

დღეს, 31 იანვარს რუსთავის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, ნოდარ შეროზიას საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას 18 დეპუტატმა, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის 15-მა წევრმა დაუჭირდა მხარი. გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს თავმდჯომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც არიან არჩეულები.