დეპუტატ ნატო ჩხეიძეს სურს, დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილს აღვნიშნოთ. ინიციატივა, რომ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს, პარლამენტის ბიუროს წარუდგინა და მისი დაჩქარებულად განხილვა მოითხოვა, თუმცა ბიურომ ეს არ დააკმაყოფილა და ჩვეულებრივად განსახილველად ჯანდაცვის კომიტეტს გადასცა.

დეპუტატის განმარტებით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა "გარკვეული ისტორიკოსების ფალისფიკაციური ახსნების საფუძველზე ხდება, რაც უნდა შეიცვალოს. დაჩქარებულ განხილვას კი იმით ასაბუთებდა, რომ 9 აპრილამდე უნდა მოესწროთ.

"ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პირველი მუხლის, პირველივე პუნქტში წერია, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფო, ეს არის 1991 წლის 9 აპრილს აქტის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას შემდეგ საქართველოში მთელი რიგი ტრაგედიები მოხდა და გარკვეული პერიოდი არც არაფერი არ აღნიშნულა. ხოლო 95 წლიდან, კონსტიტუციის მიღების დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში სწორედ 9 აპრილია ჩაწერილი, მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურის და შემდეგ პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მიერ, გარკვეული ისტორიკოსების ასე ვთქვათ ფალსიფიციკაციური ახსნების საფუძველე დამოუკიდებლობის დღედ დაინიშნა 26 მაისი და არა ცხრა აპრილი. 9 აპრილი შერჩა, უნდოდათ ასე, რომ შერჩენილიყო, როგორც გლოვის დღე, ანუ 89 წლის 9 აპრილის გამოხატულება

ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ედუარდ შევარდნაძეს არ სურდა ზვიად გამსახურდიას სახელის ხსენება. ყველანაირად უნდა მიჩქმალულიყო ეს, შესაბამისად წინ წამოწეულიყო პირველი რესპუბლიკა, ნოე ჟორდანიას", — თქვა მან.

ბიუროზე ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატებმა თქვა, რომ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, ხოლო 9 აპრილი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე და შესაბამის აქტშიც ასეა აღნიშნული.

"26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე, ანუ გამოცხადების დღე, 9 აპრილი ასევე ყველამ ვიცით, რომ არის აღდგენის დღე. ასეც მოხდა იმ დროინდელი ხელისუფლის მიერ, აქტში ჩაიწერა 26 მაისის მიერ მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, აღდგენილ იქნას დამოუკიდებლობა", — თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

საკითხი გადაეცა ჯანდაცვის კომიტეტს და ისინი იმსჯელებენ ამ საკითხზე.