რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი, ნოდარ შეროზია გახდა. მას მხარი 18-მა დეპუტატმა, მათ შორის, 15-მა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დაუჭირა. ქართულმა ოცნებამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პარტია საქართველოს წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, შეროზია სხვა პარტიებთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებისა და ვალდებულებების გარეშე აირჩა.

"ორივეს, ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც ვთავაზობთ და მოვუწოდებთ, მათი მიღებული მანდატების შესაბამისად, შემოვიდნენ საკრებულოში და აიღონ პასუხისმგებლობას იმ პოზიციებზე, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის მსახურებას კომისიებში, საკრებულოებში თავმჯდომარეობის მოადგილეობის პოზიციებზე და სხვა თანამდებობებზე", — განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ელოდებიან, რომ ქართული ოცნება მათ ნაციონალურ მოძრაობასთან გარიგებაში დაადანაშაულებს, რადგან ენმ-მა გახარიას პარტიის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

"დაგასწრებთ და თქვენზე ადრე ვეტყვით მოსახლეობას, რომ ეს არის მორიგი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. სიმართლე არის ის, რომ მუნიციპალიტეტში, სადაც მოქალაქეებმა არ მოგცათ უმრავლესობა, ვერ ეგუებით ფაქტს, რომ არ გაქვთ ერთპიროვნული ძალაუფლება", — ამბობს ის.

გახარიას პარტიის წევრები საკრებულოს თავმდჯომარეებად ჩხოროწყუსა და წალენჯიხაშიც არიან არჩეულები.