საქსტატის წინასწარი შეფასებით, გასული წლის დეკემბერში, 2020 წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,6% იყო.

ფოტო: საქსტატი

როგორც ცნობილია, 2020 წელს ეკონომიკური ვარდნა 6,8% იყო. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 3,1%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა დარგშია გარდა მშენებლობისა.

საქსტატის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს საქონლის ექსპორტი 26,9%-ით, ხოლო იმპორტი 25,1%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25,6%-ით არის გაზრდილი.

2021 წლის დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 21%-ით, 4 553-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 31,2%-ით 11,5 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9%-იყო. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაცემებით, საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმალურ ნიშნულზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,8%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა, მერე კვარტალში 28,9%-ით გაიზარდა, მესამე კვარტალში 9,1%-იანი, ხოლო მეოთხე კვარტალში 9,5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.