ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაცია On.ge-ს როგორც კლინიკაში, ასევე, კომპანია საქნახშირში დაუდასტურეს. კლინიკაში სულ 9 ადამიანი შეიყვანეს.

"სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვთ, არცერთი არ არის მძიმე, დამწვრობის ცენტრში რომ მოხდეს მკურნალობა, გადაგვყავს თბილისში", — გვითხრეს კლინიკაში.

როგორც საქნახშირის პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, შახტაში სპეციალისტები იმყოფებიან და მოკვლევა დაწყებულია. მათივე ვარაუდით, ადგილზე უსაფრთხოების წესები იყო დარღვეული.

"ამჟამად შახტაში არიან ჩასულები სპეციალისტები, მიმდინარეობს კვლევა, გამოძიება, რატომ მოხდა ეს. სავარაუდოდ, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი", — ამბობენ პრესსამსახურში.