ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელზე პასუხისმგებლობა არა მთავრობას, ხელმძღვანელობას ან ჯანდაცვას, არამედ მოსახლეობას ეკისრება. მისი თქმით, ჯანდაცვამ და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი — შემოიტანა 5 დასახელების ვაქცინა, გახსნა ვაქცინაციის პუნქტები და სხვა.

"როდესაც ამბობენ, ვისი პასუხისმგებლობაა [ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი] რეალურად, ცალსახად, პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ — ჯანდაცვამ და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი. ვინმემ დამისახელოს კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა ხუთი დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის, დღეისთვის ყველაზე რეიტინგული Pfizer. გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი მთელ საქართველოში, მათ შორის, მობილური პუნქტები ავტობუსებში. ჯანდაცვის მესვეურები მოგზაურობდნენ და მოგზაურობენ რეგიონებში, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ახლა ამაზე მეტი არცერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?" — თქვა ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ცნობით, 30 იანვრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46,4%-ია. ბუსტერით კი აცრილია 155 915 ადამიანი.