პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ იმედი აქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო სრული სოლიდარობა და არამხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა. ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით მთლიანად დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს", — განაცხადა მან მედიასთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ეს ყველაფერი გადავა დიალოგის ფორმატში.