ადამიანები მართვის მოწმობის მისაღებად საგანგებოდ ემზადებიან დიდი ხნის განმავლობაში, რათა მანქანით გადაადგილებისას საკუთარი და სხვების უსაფრთხოება უზრუნველყონ. თუმცა, ამაზე ფიქრით თავი არ შეუწუხებია 83 წლის ბრიტანელს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, 70 წელზე მეტია, მართვის მოწმობის გარეშე მართავს მანქანას.

მძღოლი საპატრულო პოლიციამ ნოტინგემში, პატარა ქალაქ ბელუელის მახლობლად გააჩერა 26 იანვრის საღამოს. კაცს არც მართვის მოწმობა და არც დაზღვევა არ აღმოაჩნდა. პოლიციის ოფიცრების თქმით, 1938 წელს დაბადებულმა მძღოლმა მათ განუცხადა, რომ საჭირო საბუთების გარეშე მანქანას 12 წლის ასაკიდან მართავდა, თუმცა, პატრულს არასდროს გაუჩერებია.

"კიდევ კარგი, ავარია არასდროს მოსვლია, არავინ დაუშავებია და ფინანსური ზარალიც არავისთვის მიუყენებია, როცა დაზღვევის გარეშე ატარებდა მანქანას", — დასძენს პოლიცია გავრცელებულ განცხადებაში და მოქალაქეებს საბუთების ტარებისკენ მოუწოდებს, რადგან ნოტინგემის ქუჩებში დაყენებული ჭკვიანი კამერების რაოდენობა გაიზარდა.

რამდენიმე წლის წინ მსგავსი შემთხვევა გახმაურდა გერმანიაშიც. მძღოლს, რომელიც დისტრიბუტორადაც მუშაობდა, მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა. როგორც გაირკვა, იგი 40 წელი გაყალბებული საბუთებით გადაადგილდებოდა.