გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, მას უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან პრობლემა არ ჰქონია, თუმცა მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებას სოლიდარობის გამოხატვასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

"ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ჩემი აზრით, არანაირი კავშირი ამას სოლიდარობის გამოხატვასთან არ გააჩნია, უფრო არის შიდა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი, თუ ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო უყვარს უკრაინელი ხალხი და ამ პროცესში მონაწილეობა მიგვაჩნია, რომ არ არის საჩვენო საქმე.

მე რეზოლუციის ტექსტთან პრობლემა არ მქონია, როდესაც ბატონმა მამუკამ წარმოადგინა, ისევე, როგორც დანარჩენ ოპოზიციას და პრინციპში ძალიან კარგი ტექსტი იყო სამუშაოდ", — განაცხადა მან პარლამენტში.

ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სამი სხვადასხვა ვერსიაა შემუშავებული. ორ მათგანში — ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ტექსტში — რუსეთი ნახსენები არ არის. მესამე ვერსია, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.

გაიგე მეტი: