გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ გმობს ფაქტს. საბჭო იმედოვნებს, რომ დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

"პოლიციელი უნდა იცავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალს, არათუ თავად ძალადობდეს. ცალსახად ვგმობთ ამ სამარცხვინო ფაქტს და ვიმედოვნებთ, ზუგდიდში მომხდარი აღნიშნული შემთხვევა სათანადოდ იქნება გამოძიებული, დამნაშავე კი შესაბამისად დაისჯება.

პოლიცია სწორედ ის უწყებაა, რომელიც სამართალდარღვევის და მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. სწორედ ამიტომ საკითხის მიმართ თითოეული პოლიციელის მგრძნობელობა და დანაშაულის სიმძიმის სრულად აღქმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლების მანძილზე ვითარება ცალსახად გაუმჯობესდა, თუმცა ზუგდიდში მომხდარი ფაქტის მსგავსი თითოეული შემთხვევა აუარესებს თემის მიმართ დამოკიდებულებას და ზიანს აყენებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართალდამცველთა მხრიდან გაწეულ ძალისხმევას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

25 იანვარს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმა აცვია, ქალზე ფიზიკურად ძალადობს. ის ქალს სახეში რამდენჯერმე ურტყამს და ეჩხუბება. 26 იანვარს პროკურატურამ ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციის თანამშრომელი დააკავა.