თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სახელმწიფო მიწების დატაცების შესაძლებლობა არავის არ მიეცემა.

"თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, როდესაც კახა კალაძე ამბობს ან ჩემი გუნდის წევრები, რომ ჩვენ უკანონო მშენებლობებს დავაკანონებთ. არ არსებობს ასეთი ფაქტი. ასეთ ფაქტებზე თქვენ იცით ჩვენ რა მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს.

არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება. მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, სინამდვილეში ეს ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში, ეს ადამიანები არიან, რომლებიც ფლობენ ბინებს დედაქალაქში და არაერთი ფაქტი ვიხილეთ ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება უსახლკაროებს, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით და უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით ძალიან მალე", — განაცხადა კალაძემ.

დღეს თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი დაიწყო. მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ "უკანონო ნაგებობების" დემონტაჟი განხორციელდა.