ჩინეთში დევიდ ფინჩერის 1999 წელს გამოსული საკულტო ფილმის Fight Club (მებრძოლთა კლუბი) ფინალი ამოჭრეს და მის ნაცვლად ორიგინალი სიუჟეტისგან სრულიად განსხვავებული ინფორმაციის შემცველი ტექსტი დაურთეს.

მებრძოლთა კლუბის ფინალის ორიგინალ ვერსიაში ედვარდ ნორტონის პერსონაჟი თავის წარმოსახვით ალტერ ეგოს, ტაილერ დარდენს კლავს და ჰელენა ბონემ კარტერის გმირთან, მარლა სინგერთან, ერთად უყურებს, როგორ ფეთქდება შენობები.

ეს ანარქისტული და ანტიკაპიტალისტური გზავნილი ეკრანებზე გამოსვლიდან 20 წელზე მეტი ხნის შემდეგ ჩინეთში უადგილოდ მიიჩნიეს.

ჩინურ სტრიმინგსერვისზე Tencent Video გამოქვეყნებულ ფილმის ახალ ვერსიაში ეს ფინალური სცენა ამოჭრილია და მის ნაცვლად შავ ფონზე წარწერა ჩნდება: "პოლიციამ მალევე გაიგო გეგმის შესახებ, ყველა კრიმინალი დააპატიმრეს და ბომბების აფეთქების მცდელობა წარმატებულად აღკვეთეს".

ასევე აღნიშნულია, რომ ფილმის მთავარი გმირი და მთხრობელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩინეთში ფილმები, წიგნები, სერიალები თუ სატელევიზიო შოუები "საზოგადოების საკეთილდღეოდ" ცენზურის მსხვერპლი ხდება: მაგალითად, 2019 წელს ფრედი მერკურიზე გადაღებულ ფილმში Bohemian Rhapsody ის სცენები ამოჭრეს, რომლებშიც ამ ლეგენდარული მომღერლის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული დეტალებია ასახული.

ასევე გასულ წელს ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცნობილი ადამიანები სიმდიდრისა და ფუფუნების გამომხატველი ფოტოებისა თუ ვიდეოების განთავსებას სოციალურ ქსელებში ვეღარ შეძლებენ, რადგან ეს "სოციალისტურ იდეებს" ეწინააღმდეგება.

მებრძოლთა კლუბის ფინალის შეცვლას ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკი გამოეხმაურა, რომლის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღო დევიდ ფინჩერმა ფილმი:

"გადასარევია! ჩინეთში ყველას ბედნიერი დასასრული ერგო!" — დაწერა მან ტვიტერზე.