პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ქართული ოცნების დეპუტატის, გიორგი ხელაშვილის მტკიცებით, უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციაში რუსეთის არხსენება მათთვის "არანაირ პრობლემას არ იყო", თუმცა პოლიტიკური სიტუაციას გაუწიეს ანგარიში.

"ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს. როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს.

პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი, მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, საერთაშრისო თანემეგობრობას — ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. ეს იყო მთავარი რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, რომ ტექსტი ყოფილიო პრინციპული მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე", — განაცხადა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

დეპუტატი ამბობს იმასაც, რომ საქართველო პარლამენტი იქნება პირველი, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს. მისივე თქმით, საქართველო ასევე პირველია, სადაც მთავარი პოლიტიკური ამოცანა "ზუსტადაა განსაზღვრული" — არ დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ ომი.

"სხვადასხვა პარლამენტში შემუშავდა განცხადებები, მიმართვები, ცალკეული პოლიტიკოსების მხარდაჭერის აქტები, მაგრამ რეზოლუცია არცერთი ქვეყნის პარლამენტს არ მიუღია. ასე რომ ეს არის პირველი ქვეყანა, სადაც არის ძალიან ზუსტად განსაზღვრული მთავარი პოლიტიკური ამოცანა, დღევანდელი დღის, ეს არის უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაიწყოს. თუ ომი დაიწყო ეს გამოიწვევს რეგიონულ კატასტროფას, არამარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც და ჩვენი ქვეყანაც იქნება ჩათრეული", — დასძენს ის.

ხელაშვილი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ჩაეწერათ რეზოლუციის ტექსტში ოპოზიცია კრიტიკის საფუძველს აუცილებლად გამონახავდა.

"ოპოზიცია აუცილებლად გამონახავდა საფუძველს ობსტრუქციისათვის, რომ დაეწყოთ არამარტო კრიტიკა, არამედ დავედანაშაულებინეთ ათასგვარ სისულელეში, რაც ძალიან ხშირად, სწორედ, მათი წიაღიდან მოდის", — აღნიშნა მან.

ამ დროისთვის საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სამი სხვადასხვა ვერსიაა შემუშავებული. ორ მათგანში — ქართული ოცნებისა და ევროპელი სოციალისტების ტექსტში — რუსეთი ნახსენები არ არის. მესამე ვერსია, რომელშიც მკაფიოდაა ხაზგასმული რომ რუსეთი აგრესორია როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებაში პარტია დროამ შეიმუშავა და სხვა ოპოზიციური პარტიები თანაავტორებად მიიწვია. რეზოლუციის ამ ვერსიას უკვე შეუერთდნენ ლელო, გირჩი — მეტი თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.

გაიგე მეტი: