საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოსთან" ერთად კომპანია პროცესორს მზის პანელების ელექტროსადგურის განთავსებისთვის ფინანსური რესურსი გამოუყო.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 131 000 ლარს შეადგენს, რაც ბანკის მიერ სრულად დაფინანსდა. მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ კომპანია 100 კვტ-ის სიმძლავრის სადგურით დაახლოებით 135 000 კვტ/სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც, ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფის ფონზე, კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, დაზოგოს ფინანსური რესურსი და ის წარმოების სამომავლო განვითარებას მოახმაროს.

კომპანია პროცესორი ლითონის საამქროა, რომელიც ლითონის კონსტრუქციებს ამზადებს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა სარეკლამო ბიზნესში. სულ მალე პროცესორი ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

"ჩვენ საქართველოს ბანკთან 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად, ამჯერად, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ხარჯების შემცირებისა და, ამასთან, გარემოზე ზრუნვის მიზნით, გადავწყვიტეთ დაგვემონტაჟებინა მზის ელექტროსადგურები. ამისთვის მივიღეთ როგორც ბანკის, ასევე "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებაც. პროექტის საერთო ღირებულება 131 000 ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის და გვაძლევს შესაძლებლობას, გაფართოებაზე, ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზეც ვიფიქროთ", — განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ბადრი მაღრაძემ.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ბიზნესის წახალისებასა და სამომავლო განვითარებაში. სასიამოვნოა, რომ ჩვენი და კომპანია პროცესორის პარტნიორობა უკვე ამდენი წელია გრძელდება და ახლა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ერთად. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც წინსვლაზე არიან ორიენტირებულები არიან წინსვლაზე, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუ ასეთ ბიზნესებს შევუწყობთ ხელს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.