საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ქართული ოცნება რუსეთის მიმართ ლოიალურია. ასე ეხმაურება ის მმართველი პარტიის კრიტიკას უკრაინის მიმართ გამოხატული არასაკმარისი სოლიდარობის შესახებ.

" [ცდილობენ] საზოგადოება შეიყვანონს შეცდომაში, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამას არ ღებულობს და არ მიიღო, რომ თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებელი და ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან ყველაზე დიდი პატრიოტები. ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ვინ იყო ხელისუფლებაში? სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებს. ეს არის ჩემთვის მიუღებელი. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ამორალური.

მორალური მხარდაჭერაც აქვს უკრაინას და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს ძალიან სერიოზული. ამიტომ, მე ვერ მივიღებ ვერც ვერანაირი ექსპერტისგან და ვერც ჩვენი ოპონენტებისგან, ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია, [კრიტიკას]. აი, ეს არის ჩემი პოზიცია და ძალიან მკაფიო", — განაცხადა ზალკალიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

მან, ასევე, ჩამოთვალა ის განცხადებები და საერთაშორისო შეხვედრები, სადაც, მისივე მტკიცებით, ღიად დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერა.

იმ პირობებში, როცა უკრაინა ომის ზღვარზეა და რუსეთის სავარაუდო სამხედრო ინტერვენციის საპასუხოდ ემზადება, საქართველოს ხელისუფლებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ პარტნიორი ქვეყნის მიმართ არასაკმარის სოლიდარობაში ადანაშაულებენ. ამის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავა, თუმცა მასში რუსეთი ნახსენები არ არის. რუსეთის აგრესიის აღნიშვნისა და დაგმობის გარეშე გაავრცელა კიევის მხარდამჭერი მიმართვა თბილისის საკრებულომაც.

გაიგე მეტი: