ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების ნაწილს ბინები გადაეცა. მათი განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 9 ოჯახმა ბინა მიიღო, ხოლო 7-მა ოჯახმა განსახლების ალტერნატიული მოდელი აირჩია — საცხოვრებელი ფართები თავად მოიძიეს, რასაც სააგენტო შეუსყიდის.

სამინისტრო ამტკიცებს, რომ სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები "პირველივე შესაძლებლობისთანავე" შესთავაზეს. მათი განცხადებით, უწყება გრძელვადიანი განსახლებისთვის სანატორიუმ ქართლის მცხოვრებლებს ორ გზას სთავაზობს:

  • თავად მოიძიონ ბინა თბილისში — ამ შემთხვევაში სააგენტო ერთ კვადრატულ მეტრში $550 გადაიხდის;
  • დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 2022 წელს სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართით "უპირობოდ დაკმაყოფილდება".

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირა ისინი პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყ, თუმცა 17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ. მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ დევნილები და განაცხადეს, რომ "ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა".

გაიგე მეტი: