ასტრონომებმა ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრის ახალი გამოსახულება მოიპოვეს, რომელზეც იქ არსებული ამოუცნობი სტრუქტურებია აღბეჭდილი. სურათი სამხრეთ აფრიკაში მდებარე რადიოტელესკოპით MeerKAT არის გადაღებული და 1 000-მდე მაგნიტურ წარმონაქმნს გვიჩვენებს, რომლის სიგრძეც 150 სინათლის წელს აღწევს.

ეს ერთგვარი "ძაფები" გასაოცრად მწყობრად, თანაბარზომიერადაა განლაგებული. ისინი მეცნიერებმა 1980-იან წლებში აღმოაჩინეს, ახლა კი 10-ჯერ მეტი მსგავსი ნიმუში გამოავლინეს, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. ზემოხსენებული გამოსახულების შესადგენად მათ 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებული 200-საათიანი დაკვირვების შედეგად შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.

ფოტო: Northwestern University/SARAO/Oxford University

სპეციალისტებმა გალაქტიკის ამ რეგიონში მდებარე სხვა ობიექტების კვალი წაშალეს და ერთად შეჯგუფებული უჩვეულო, მკაფიო სტრუქტურების მრავალი წყება მიიღეს. მათი წარმომავლობა ჩვენთვის ბუნდოვანია, თუმცა ვიცით, რომ თითოეული მათგანი კოსმოსური სხივების ელექტრონებს შეიცავს, რომლებიც მაგნიტურ ველში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს.

მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ უცნაური "ძაფების" მთელ სიგრძეზე მაგნიტური ველი უფრო მძლავრია. იქვე შენიშნეს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენიც, რომელსაც მათგან განსხვავებული გამოსხივება აქვს. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ის აღნიშნული წარმონაქმნების წყარო ვერ იქნება.

ფოტო: I. Heywood/SARAO

პოტენციურ წყაროდ განიხილება რამდენიმე წლის წინ ირმის ნახტომში დაფიქსირებული გიგანტური "ბუშტები", რომლებიც რადიოტალღებს უშვებს, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

arXiv-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორები გეგმავენ, რომ ყოველი ასეთი სტრუქტურა შეისწავლონ და სტატისტიკური ანალიზის გზით მათ საერთო მახასიათებლებზე შეჯერდნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.