ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი გამოწვევად ეკონომიკური პრობლემები რჩება. კითხვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მოქალაქეთა უმეტესობამ სიღარიბე, ინფლაციით გამოწვეული ფასების ზრდა და უმუშევრობა დაასახელა. ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 დონის პრობლემად სახელდება. პრობლემების პირველ ათეულშია პენსიებისა და ხელფასების სიმცირეც.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა, პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად თანხმდება, რომ ქვეყნისთვის მთავარი ეკონომიკური გამოწვევებია.

ფოტო: NDI

უშუალოდ ეკონომიკურ გამოწვევებს შორის, მოსახლეობისთვის 5 მთავარი პრობლემაა:

  • უმუშევრობა — 49%;
  • ფასების ზრდა/ინფლაცია — 42%;
  • სიღარიბე — 23%;
  • დაბალი ხელფასები — 21%;
  • ლარის გაუფასურება — 14%.

ამ ხუთ გამოწვევას ჩამოთვლიან მოქალაქეები იმის მიუხედავად, რომელი პარტიის მხარდამჭერები არიან ისინი.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 75% თვლის, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბის კუთხით არსებული ვითარება ქვეყანაში გაუარესდა; 17% თვლის, რომ ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და მხოლოდ 6%-სთვის გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომაროება. კვლევის მიხედვით, სიღარიბის აღქმა გაუარესდა, მათ შორის, მმართველი პარტიის მხარდამჭერებშიც.

საზოგადოების განწყობა კვლევა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.