ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის "წუნს" არ წარმოადგენს ის, რომ მასში რუსეთის აგრესორობაზე დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა.

"რაც შეეხება რუსეთის აგრესორობას, არ ვფიქრობ, რომ წუნს წარმოადგენს ამ რეზოლუციისა, რომ დამატებით ხაზგასმა არ მომხდარა ამ ფაქტისა ამ დოკუმენტში. ობიექტურად, ტექსტობრივად რომ გავყოთ, ვფიქრობ, რომ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა ნამდვილად არ არსებობს", — აცხადებს ის.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ეკუთვნით. 24 იანვარს გამართულ ბრიფინგზე მათ მმართველ პარტიას ერთიანი ტექსტის შემუშავება შესთავაზეს. დღეს დილიდან დეპუტატები რეზოლუციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

რეფორმების ფრაქციის წევრის, ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ქართულმა ოცნებამ მათ საკუთარი ვერსია შესთავაზა და განხილვის შემდეგ ისინი პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე თქმით, შესვენების დროს "ოცნების" დეპუტატებმა გადაწყვიტეს ტექსტის თავდაპირველი ვერსია დაებრუნებინათ, რის გამოც ოპოზიციამ თანაავტორობაზე უარი თქვა.

კერძოდ, იმ ვერსიაში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა, რუსეთი ნახსენები არ არის. მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან.

ამავე თემაზე: