გორში, ყოფილ ბაზართან არსებულ საჯარო ტუალეტში ორი ოჯახი ცხოვრობს. მათგან ორი და-ძმა, ორი კი ცოლ-ქმარი არიან. რეპორტაჟს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც თავად ჰყვებიან, ტუალეტში პირველად და-ძმა ნაზი და თამაზ საათაშვილები შესახლდნენ. მოგვიანებით მათ სოსო აზალაშვილი და მისი ორსული ცოლი შეიფარეს.

რეპორტაჟში ასახულია ის არაადამიანური პირობები, რომელში ცხოვრებაც ოთხს ადამიანს უწევს. მათი თქმით, ღამით ბეტონზე გაშლილ საბნებზე სძინავთ და ტუალეტის სუნს უკვე შეეჩვივნენ.

On.ge გორის მერიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, მიმართეს თუ არა ამ ადამიანებმა მერიას დასახმარებლად.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნათია ხაჩიურმა, გვითხრა, რომ მერიამ ნაზი საათაშვილს ბინა ოთხი წლის წინ ქალაქ გორში უქირავა, სადაც მასთან ერთად მისი ნათესავები ცხოვრობდნენ, თუმცა ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ნაზი საათაშვილმა ის ბინა დატოვა, რომელიც მერიამ კონკრეტულად მას უქირავა.

"ეს ადამიანები არ არიან რეგისტრირებულები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში, საათაშვილების დას, ნაზი საათაშვილს, კი არსად არ აქვს რეგისტრაცია გავლილი, ამის გამო გორის მერიამ შეძლო, რომ მისთვის, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ბინა ექირავებინა. ქალაქ გორში, ერთ-ერთ დასახლებაში, 100 ლარად. ოთხი წელიწადია, რაც გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას ქირის თანხას უხდის. მან [ნაზი საათაშვილმა] ბინაში თავისი ძმებიც წაიყვანა, თუმცა მოგვიანებით, შიდა, ოჯახური კონფლიქტის შემდეგ. ასე დაიქსაქსნენ".

ნათია ხაჩიურის თქმით, ნაზი საათაშვილის ის ნათესავები, რომლებიც ქალაქ გორში მისთვის დაქირავებულ ბინაში ამ დროისთვის ცხოვრობენ, გორის რაიონის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები და არა ქალაქ გორში.

რაც შეეხება სოსო აზალაშვილს, გორის მერიის თქმით, ის და მისი ორსული ცოლი ქალაქში რეგისტრირებულნი არ არიან. გორის რაიონის მუნიციპალიტეტში კი გვითხრეს, რომ ამ პირებს მათთვის არასდროს მიუმართავთ და ვერ შეძლებენ გარკვევას, თუ სად არიან რეგისტრირებულები ცოლ-ქმარი. ამიტომ ვერ მერიაში და ვერც მუნიციპალიტეტში ვერ გვიპასუხეს კითხვაზე, იღებენ თუ არა სოსო აზალაშვილი და მისი ცოლი სოციალურ დახმარებას.